Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლუბების "ქალაქურისა" და "როიალის" მფლობელი თაღლითური სქემით ეუფლებოდა ტურისტების თანხებს - პროკურატურა


ტურისტები ძველ თბილისში. 2015 წელი
ტურისტები ძველ თბილისში. 2015 წელი

პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას თბილისის ორ კლუბში არსებული თაღლითური სქემის გახსნის შესახებ - ტურისტების თანხების დაუფლების ფაქტზე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 14 ადამიანი. საქმე ეხება 9 340 ლარს, რომელიც ორი კლუბის მფლობელმა თანამშრომლებთან ერთად მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კლუბ ,,ქალაქურის“ და ,,როიალის“ მფლობელმა 5 თანამზრახველთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ბრალდებულების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ე.წ. ,,პრომო გოგონები“ ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უკავშირდებოდნენ, ზემოაღნიშნულ კლუბებში ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ და სტუმრების მაგიდასთან სხდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. ბრალდებულები აღნიშნული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის იემენის, ეგვიპტის, ინდოეთის, სუდანის და ბელარუსის 6 მოქალაქის კუთვნილ 9 340 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისთვის სასამართლომ კლუბების მეპატრონეს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კლუბების ორ მენეჯერს კი - 8-წლიანი პატიმრობა.

"რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის და ზიანის ანაზღაურების ფაქტის გათვალისწინებით, არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ", - წერს პროკურატურა.

XS
SM
MD
LG