Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საელჩოს თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კასიანოვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა


საქართველოში უკრაინის საელჩოს შენობა
საქართველოში უკრაინის საელჩოს შენობა

საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, გაუქმდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრი კასიანოვთან დღეისთვის დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა. როგორც საელჩოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ანდრი კასიანოვის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ, საელჩოში დარეკეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და აცნობეს, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.

რადიო თავისუფლება შესაბამისი ინფორმაციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცდილობს.

დღეს, 6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ანდრი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მაშინ, როდესაც საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ლაპარაკობდა.

"მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ", - განაცხადა კასიანოვმა.

დღევანდელ ბრიფინგზე ანდრი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების მიერ უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე ისაუბრა. კასიანოვმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG