Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის 17 დრონი ჩამოაგდეს


უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატის საილუსტრაციო ფოტო
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატის საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 17 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 14 დრონი Shahed-136, 1 აპარატი Орлан-10 და კიდევ 2 უპილოტო აპარატი, რომელთა სახეობა ზუსტდება. უკრაინის გენშტაბი არ აკონკრეტებს, რომელ ოლქებში მოხდა დრონების განადგურება.

ერთ-ერთი ოლქი დნეპროპეტროვსკია, რაც ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა. რეზნიჩენკოს თანახმად, გასულ ღამით, რუსებმა ოლქს შეუტიეს 8 უპილოტო საფრენი აპარატით და რვავე თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის კიდევ ერთი ოლქი, სადაც წუხელ რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს, ზაპოროჟიეა. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად, ორ სოფელში დაინგრა 3 სახლი და 18 დაზიანდა და დაიჭრა 3 ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგო. სტარუხის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 10 სარაკეტო და 33 საავიაციო დარტყმა და 75 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა ქალაქებში კრამატორსკსა და კრივოი-როგში და ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ სტეპნოეში.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, ბოლო 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 22 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 4 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 1 მართვის პუნქტი და პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 3 ადგილი.

XS
SM
MD
LG