Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Respect Existence or Expect Resistance


ავტორი: ალექსანდრე ხმალაძე

,,ალქაჯებზე ნადირობა’’ რეპრესიული სოციალური კონტროლის ეფექტური ხერხია. პირდაპირი და კოლექტიური ძალადობის მიზანია ქალთა სოციალური და ეკონომიკური აქტივობების პრევენციული აღმოფხვრა პატრიარქალური ბატონობის გადასარჩენად. ბოლო ,,ალქაჯი’’ 1782 წელს დასაჯეს სიკვდილით შვეიცარიაში. ჯადოქრობაში ბრალდებულ ანა ჰელდს ცოცხლად დაწვა დიდსულოვნად შეუცვალეს თავის მოკვეთით.

ფალოცენტრული ცივილიზაცია მაშრიყიდან მაღრიბამდე წვავდა უფუნქციოდ დარჩენილ ,,უკაცო’’ ქალებს. ინდოეთში ათასი წელი მოქმედებდა სატის რიტუალი - ქვრივების ცოცხლად დაწვა ქმრის გვამთან ერთად. სატის ტრადიცია ,,მაჰაბჰარატაში’’ გადმოცემული ამბის ფართო მასშტაბებში განხორციელებაა. ამ სოციალურ პრაქტიკას არ გააჩნდა ქალთა დამსჯელობით-დასამორჩილებელი ფუნქცია, უბრალოდ, ,,ღირსეული’’ რიტუალი სოციუმის ,,უსარგებლო’’ წევრებს (ქვრივებს) მასიურად იშორებდა თავიდან.

ევროპას შივას და სატის მითი არ შეუქმნია, მაგრამ კათოლიციზმმა მომავალი დეკადანსი XV საუკუნეშივე იგრძნო და ,,სისტემური ბზარების’’ აღმოსაფხვრელად ორმა ინკვიზიტორმა, იაკობ შპენგერმა და ჰენრიხ კრამერმა ,,Malleus Maleficarum’’ (ალქაჯების ურო) გამოსცა. წიგნი წარმოადგენდა თეოლოგიურ-იურიდიული ხასიათის სახელმძღვანელოს ალქაჯების ამოსაცნობად და მოსასპობად. აქაც, ძირითადად, ..სოციალურად დაუცველი’’ ქვრივები გახდნენ ცეცხლზე დასაწვავი ,,აქტივების’’ წყარო.

განსხვავებით ინდური რიტუალისგან, ალქაჯებზე ნადირობა არ მოიცავდა მხოლოდ ,,უსარგებლო მუქთამჭამელების’’ თავიდან მოშორებას. კათოლიციზმის, პროტესტანტობის და მოგვიანებით განმანათლებლობის კონტროლს დაქვემდებარებულმა ტრადიციულმა ინსტიტუციებმა (ოჯახი-რელიგია-ეკონომიკა-პოლიტიკა-განათლება), თავიანთი განწმენდა-დამსჯელობითი პროფანული პრაქტიკების მთავარ მსხვერპლად ქალები აირჩიეს.

შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, ინკვიზიციისგან დევნილმა რამდენმა ქალმა იპოვნა მოკავშირე ,,კაცობრიობის მტრის’’- ეშმაკის სახით და რამდენი კაცი ემსხვერპლა ,,ნამდვილი’’ ალქაჯების შურისძიებას. სავარაუდოდ, ეს იქნებოდა უმნიშვნელო და ერთეული შემთხვევები, ინკვიზიციამ კი რამდენიმე ათეული ათასი ქალი ცოცხლად დაწვა.

P.S. ქალთმოკვდინებით გაჯერებული საუკუნეობრივი წარსულის პარადიგმა დაიმსხვა ათას ნაწილად, თუმცა ბასრპირიანი მოზაიკის ნამსხვრევებზე თანამედროვებაშიც ხშირად გვიწევს გადავლა და სისხლის ფასის გადახდა. საქართველო ინტიმური ფემიციდის ,,წილხვედრი ქვეყანაა’’. ინტიმური ფემიციდი არის ქალის მკვლელობა ქმრის, ყოფილი ქმრის, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ, ვისთანაც მსხვერპლი ინტიმურ კავშირში იმყოფებოდა. მაპროვოცირებელია ემოციური და სექსუალური ურთიერთობის დამყრაებაზე უარის თქმა კაცისთვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG