Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის მნიშვნელოვანი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სასამართლოს ლეგიტიმურობის გასაზრდელად


ავტორი: ანა ჯიქურიძე

რა არის ლეგიტიმაცია? ლეგიტიმაცია არის ის ერთადერთი წყარო, რისი საშუალებითაც პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება გვმართავს ხალხს. სწორედ ამ ლეგიტიმაციის საშუალებით, აღნიშნული აქტორები ასრულებენ პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების მესაჭეების როლს, რის გამოც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხალხისგან მათ ჰქონდეთ აღიარება და ნდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივდივართ სრულ ქაოსამდე და სახელმწიფო მართვის უსამართლო სისტემამდე.

პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყაროები ერთმანეთისგან განსხვავებულია. მაშინ როცა პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო არის არჩევნები, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ხდება ხალხის ხმების დათვლა, სასამართლოს ლეგიტიმაციის წყარო არის მის მიერ დაწერილი და დასაბუთებული გადაწყვეტილებები, რადგან ჩვენს სისტემაში მოსამართლეები პოლიტიკოსების მსგავსად არ აირჩევიან არჩევნების გზით. შესაბამისად, პოლიტიკური ხელისუფლებისგან განსხვავებით, სასამართლოს მიმართ ხალხის ნდობის შენება ბევრად უფრო ხანგრძლივი და რთული პროცესია.

ზემოთ აღწერილ მოცემულობაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სისტემის გაჯანსაღებას, გაჰუმანურებასა და სანდოობის გაზრდას სამართლის აღსრულების პროცესში ხალხის პირდაპირი მონაწილეობით. ეს არის ის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ხალხის ხელშია და წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობისთვის და ტირანიისგან დაცვისთვის.

ჩვენნაირ მყიფე დემოკრატიებში პოლიტიკურ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს დიდი ცდუნება იმისა, რომ სასამართლო გამოიყენოს პოლიტიკური შურისძიებისთვის, რასაც თან ახლავს მათ მიერვე არჩეული მოსამართლეების დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ხალხს ეკარგება ნდობა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილბების მქონე მოსამართლეების მიმართ, რადგან თვლიან, რომ ასეთი მოსამართლეები ან არაკომპეტენტურები არიან ან/და უბრალოდ ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას, რასაც სამართალთან კავშირი არ აქვს. ასეთ დროს კი ხალხს სჭირდება სახელმწიფო მართვის სისტემაზე ზემოქმედების ბერკეტი, რომ თავიდან იქნას არიდებული კლანური მმართველობა და ყველა აქტორმა თავი იგრძნოს დაცულად. ნაფიც

მსაჯულთა ინსტიტუტი კი სწორედ ეს ბერკეტია, რომელიც აკავებს პოლიტიკურ ზეწოლას სასამართლოზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამორიცხავს პოლიტიკურ მდგენელს და უბრუნებს მას თავის პირვლანდელ როლსა და მნიშვნელობას - აღასრულოს სამართალი.

ამასთან, როდესაც ხალხს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობაში ნაფიმსაჯულთა ინსტიტუტის მეშვეობით, მათ აქვთ განცდა, რომ მათი ხმა მკაფიოდ ისმის სახელმწიფო მმართველობაში, რაც მდგრადი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როდესაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე ვსაუბრობთ აუცილებლად ხაზგასასმელია ილია ჭავჭავაძის ბრძოლა და როლი ქართულ რეალობაში ამ ინსტიტუტის დასანერგად. მან მსაჯულს უწოდა “რჩეული კაცი, რომელსაც ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი აბარია.”

ასევე ნიშანდობლივია ერთმანეთს დადარდეს სხვადასხვა მმართველობის სისტემები და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ავკარგიანობაზე პასუხი ავტომატურად ნათელი ხდება. მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე დამფუძნებელი მამები თავიდანვე შეთანხმდნენ დემოკრატიული საზოგადოებისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე. თომას ჯეფერსონმა პირველი საინაუგურაციო მიმართვის დროს განაცხადა, რომ “მიუკერძოებლად შერჩეული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რელიგიის, პრესის და პიროვნების თავისუფლება - ჩვენი პოლიტიკური რწმენის კრედო, სამოქალაქო დაკვეთის საგანი და ის საზომი უნდა იყოს, რითაც განვსჯით მათ ვისაც ვენდობით.” ამ დროიდან მოყოლებული დღემდე აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. აშშ-ის მსგავსად თვლიდა საქართველოს პირველი რესპუბლიკაც, სადაც ფუნქციონირებდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუმცა მოგვიანებით საბჭოთა კავშირმა ეს ინსტიტუტი გააუქმა. საბჭოთა კავშირში, სადაც გათელილი იყო ადამიანის ღირსება და უფლებები, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არ არსებობდა, რადგან იმ საბჭოური სისტემის მმართველებს თავიანთი პირადი მიზნების მისაღწევად სჭირდებოდათ კონტროლირებადი სასამართლო.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაფიმსაჯულთა ინსტიტუტის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლიბერალური დემოკრატიის შექმნისთვის, მდგრადი, პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და მის მიმართ ხალხის ნდობის ამაღლებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG