Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის მნიშვნელოვანი, ყველა მსჯავრდებულს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს აკადემიური უმაღლესი განათლება


ავტორი: ანა ჯიქურიძე

დღევანდელი მოცემულობა გვაქვს ისეთი, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოში უმაღლესი განათლების უფლებით ვერ სარგებლობენ ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში. აღნიშნული კონიუნქტურა მიუთითებს ქართული სასჯელაღსრულების სისტემის მხოლოდ სადამსჯელო პრიორიტეტებზე, რაც არ არის რაციონალური და არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო პრაქტიკასთან. გარდა ამისა, პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს იმ გარდამტეხ ინსტრუმენტს, რაც უზრუნველყოფს მათ რეაბილიტაციას, რესოციალიზაციას, რეციდივიზმის შემცირებასა და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არსებობს, სადაც გაწერილია განათლების ხელმისაწვდომობა განურჩევლად ყველასთვის და მათ შორის პატიმრებისთვის. მაგალითად, გაერთიანებული ერების პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, რომლის 104-ე წესი პირდაპირ ამბობს, რომ განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს განმეორებითი დანაშაულის პრევენციაში. შესაბამისად, პატიმრებს უნდა ჰქონდეთ განათლების მიღების საშუალება. მათთვის შეთავაზებული გაკვეთილები უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივი განათლების სისტემის იმავე დონეს და ხელმისაწვდომი იყოს ყველა პატიმრისთვის[1].

ქართული სასჯელაღსრულების სისტემა გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ვერ უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს პენიტენციური დაწესებულებების გადავსებას, რეციდივიზმის მაჩვენებლისა და ეკონომიკური ხარჯების გაზრდას.

2018 წელს აშშ-ში RAND კორპორაციამ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები თუ რა გავლენას ახდენს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრების განათლების დონე რეციდივიზმის მაჩვენებელზე. კვლევებმა აჩვენა, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილე პატიმრებს 48%ით ნაკლები შანსი აქვთ დანაშაულის განმეორებით ჩადენის, ვიდრე მათ ვინც ამ პროგრამებში არ მონაწილეობს[2]. აღნიშნული მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ პატიმრებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს მათი გათავისუფლების შემდეგ ხელმეორედ დაპატიმრებისა.

კვლევები ასევე ცხადყოფს, რომ ძლიერი ინვერსიული კორელაცია არსებობს პატიმრების რაოდენობასა და მათი განათლების დონეს შორის: პირი რაც უფრო განათლებულია, მით უფრო ნაკლებია მისი ხელმეორედ დაპატიმრების შანსი და პირიქით.

გრაფიკაზე მოცემულია აშშ-ის სასჯელის დამდგენი კომისიის ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სასკოლო განათლების არმქონე პატიმრებს აქვთ რეციდივიზმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 60,4%. შემდეგ მოდის სასკოლო განათლების მქონე პატიმრები, რომელთა რეციდივიზმის მაჩვენებელი შეადგენს 50,7%-ს. იმ პატიმრების რეციდივიზმის მაჩვენებელი, რომელთაც კოლეჯი არ აქვთ დამთავრებული შეადგენს 39,3%-ს, ხოლო კოლეჯდამთავრებული, უმაღლესი განათლების მქონე პატიმრების რეციდივიზმის მაჩვენებელი კი ყველაზე დაბალია და შეადგენს 19,1%-ს[3].

განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, მათ შორის პატიმრებისთვის, არის ის არსებითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციას, რეციდივიზმის მაჩვენებლის შემცირებას და ქმნის მდგრად საზოგადოებას. ამისთვის პირველ რიგში, ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა და ციხეებში საგანმანათლებლო გარემოს იმგვარი კულტივირება უნდა მოხდეს, რომ გათავისუფლების შემდეგ პატიმრებმა არამარტო დასაქმება შეძლონ, არამედ ჰქონდეთ დადებითი პრო-სოციალური იდენტობა.

ყველა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველა პატიმრისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას აქვს კონკრეტული დადებითი გავლენები და შედეგები. ესენია:

ა) პოზიტიური თვითშეფასება და განვითარება: პატიმრები, რომლებიც ციხეში იღებენ აკადემიურ უმაღლეს განათლებას, ამ გამოცდილებას აღწერენ როგორც გარდამტეხს მათ ცხოვრებაში. ციხეში ისინი ხდებიან პოზიტიური მაგალითის მიმცემები და უჩნდებათ ახალი პერსპექტივები და მიზნები. ციხეში უმაღლესი განათლება არის შესაძლებლობა თვითრეფლექსიისთვის და განვითარებისთვის, რაც დადებითად მოქმედებს პატიმრების სამომავლო არჩევანზე.

ბ) მზადება პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომი სამსახურისთვის და რესოციალიზაციისთვის: საქართველოს დღევანდელი შრომის ბაზრის მოთხოვნებს თუ გავითვალისწინებთ, თითქმის ყველა დამსაქმებელი ითხოვს უმაღლესი განათლების დიპლომს. შესაბამისად, პატიმრებს უნდა გააჩნდეთ ის ცოდნა და უნარჩვევები, რაც საჭიროა არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

გ) საჯარო უსაფრთხოება: აშშ-ში 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ პატიმრებს, რომლებმაც ციხეში უმაღლესი განათლება მიიღეს, 48%-ით ნაკლები შანსი აქვთ გათავისუფლების შემდეგ ისევ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის, ვიდრე მათ ვინც უმაღლესი განათლება არ მიიღო. ამასთან, რაც უფრო მაღალი განათლება აქვს პატიმარს, მით უფრო მცირდება მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განმეორებით ჩადენის ალბათობა.

დ) პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოება: იმ ციხეებში, სადაც უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები ტარდება, ფიქსირდება უფრო ნაკლები ძალადობრივი ინციდენტები, ვიდრე ციხეებში, სადაც საგანმანათლებლო პროგრამები არ აქვთ. ამასთან, ციხის პერსონალისთვის უფრო უსაფრთხო სამუშაო გარემოა, ხოლო პატიმრებისთვის კი უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო[4].

ე) ეკონომიკური დანაზოგი: იქიდან გამომდინარე, რომ უმაღლესი განათლება იწვევს ნაკლებ რეციდივიზმს, ყოფილი პატიმრების წარმატებულ რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას, ეს ყველაფერი ნიშნავს ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებასა და სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას. საზოგადოებას კი აღარ მოუწევს პატიმრების ხარჯების დაფარვა, არამედ ყოფილი პატიმრები თავისუფლად გავლენ შრომის ბაზარზე და მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის დოვლათის შექმნაში.

ზემოთ აღწერილი დადებითი გავლენების გამო 1997 წელს აშშ-ში და 2015 წელს დიდ ბრიტანეთში ბევრმა უნივერსიტეტმა დაიწყო კოლაბორაცია პენიტენციურ დაწესებულებებთან იმისთვის, რომ პატიმრებისთვის უმაღლესი აკადემიური განათლება ხელმისაწვდომი ყოფილიყო. დაიწყო გაცვლითი პროგრამები, რის ფარგლებშიც პატიმრები უნივერსიტეტების სხვა სტუდენტებთან ერთად გადიოდნენ სასწავლო პროგრამებს[5].

სამომავლოდ უმჯობესი იქნება თუ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა პრიორიტეტად გაიხდის ყველა პატიმრისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და ამ კუთხით თანამშრომლობას დაიწყებს საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებთან.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG