Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელშიც მარნეულში რელიგიურ დისკრიმინაციაზე იყო საუბარი


თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბოლნისის რაიონის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელშიც ბიუჯეტიდან თანხის განაწილების დროს მარნეულის მუნიციპალიტეტში რელიგიურ დისკრიმინაციაზე იყო საუბარი. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს, რომელიც მოსარჩელეების უფლებებს იცავდა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით 2019 წლიდან აწარმოებს დავას სასამართლოში და ითხოვს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების დისკრიმინაციულად ცნობას.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაჩქარებულ ვადაში, ერთ სხდომაში, შეაჯამა 3 წლის მანძილზე მიმდინარე მოცულობითი და კომპლექსური ადმინისტრაციული დავა, რომელიც ნორმატიული აქტის ბათილობას, რელიგიის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას და დისკრიმინაციული შედეგების აღმოფხვრას შეეხებოდა.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ აშკარა იყო საქმის მომხსენებელი მოსამართლის, ლეილა მამულაშვილის მიკერძოებულობა და ნეგატიური დამოკიდებულება მოსარჩელეებისადმი, რაც სრულად ემყარებოდა მათ ეთნიკურ წარმომავლობას... მომხსენებელი მოსამართლის მსგავსი რეპლიკები, სასამართლო პროცესის ფორმალიზება და არარელევანტურ თემებზე აქცენტირება, ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, ამასთან ადასტურებს მოსამართლის წინასწარ ჩამოყალიბებულ განწყობებს განსახილველი საკითხის მიმართ", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ჯერ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რელიგიური საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა კვლავ მხოლოდ ერთი კონფესიის სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი - მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას გადაეცემა 400 000 ლარი.

"ბიუჯეტის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე კი სააპელაციო სასამართლომ, საქმის ფორმალური და დაჩქარებული განხილვის შედეგად გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რითაც ბიძგი მისცა მუნიციპალიტეტს გააგრძელოს წლების მანძილზე საბიუჯეტო თანხების დისკრიმინაციული და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან შეუსაბამო გადანაწილების პროცესი", - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".

2022 წლის 1 ივლისს ბოლნისის სასამართლომ მარნეულის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან რელიგიური კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა - სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქიის დაფინანსება, დისკრიმინაცია იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG