შეიარაღების მარაგის შემცირების ფონზე რუსეთი იძულებულია, 40 წლის წინ წარმოებული საბრძოლო მასალები გამოიყენოს, რომელთა საიმედოობაც ძალიან დაბალია, ეუბნება პენტაგონის ინფორმირებული მაღალჩინოსანი Reuters-ს.
Reuters-ის თანამოსაუბრის თქმით, რუსეთმა ჯარებისთვის ძველ არსენალში მყოფი საბრძოლო მასალის მიწოდება დაიწყო. ამ საბრძოლო მასალებიდან ბევრი ათწლეულების წინაა წარმოებული და მათი გამოყენება სავსეა რისკით.
"როდესაც ასეთ ჭურვს გაისვრით, თითები უნდა გადააჯვარედინოთ იმ იმედით, რომ იარაღი გაისვრის და ჭურვი სამიზნეზე მოხვედრისას აფეთქდება", - ეუბნება წყარო Reuters-ს.
ამერიკული სპეცსამსახურები ბოლო თვეების განმავლობაში იტყობინებოდნენ, რომ რუსეთმა დახმარებისთვის ჩრდილოეთ კორეას მიმართა, თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უუნარობის გამო, აწარმოოს საკმარისი საბრძოლო მასალა ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიის ჩასატარებლად. სხვადასხვა წყაროს თანახმად, რუსეთმა მკვეთრად შეამცირა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენება, რომლის წარმოებაც ძალიან გართულებული უნდა იყოს რუსეთში მსგავსი იარაღის ძირითადი კომპონენტების ექსპორტის აკრძალვის გამო. პრობლემები ზუსტი იარაღით არ შემოიფარგლება. როგორც Reuters-ი წერს, პენტაგონის შეფასებით, რაკეტებისა და ჭურვების გამოყენების ინტენსივობის ამჟამინდელი დონის შენარჩუნების პირობებში, შედარებით ახალი საბრძოლო მასალის არსენალს რუსული არმია 2023 წლის დასაწყისში ამოწურავს.
ამერიკელი და ბრიტანელი ოფიციალური პირების თანახმად, ირანული დრონების მომარაგების გარდა, რუსეთი ირანისგან ასობით ბალისტიკური რაკეტის შეძენას ცდილობს და თეირანს ფართომასშტაბიან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას სთავაზობს.
დაწერეთ კომენტარი