Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის აეროპორტში შეფერხების შემდეგ, რუსი სატირიკოსი დმიტრი ბიკოვი საქართველოში შემოუშვეს


დმიტრი ბიკოვი, სატირიკოსი, პოეტი, მწერალი
დმიტრი ბიკოვი, სატირიკოსი, პოეტი, მწერალი

მწერალ ლაშა ბუღაძის ინფორმაციით, დმიტრი ბიკოვი საქართველოში შემოუშვეს. „შემოუშვეს მას შემდეგ, რაც მედიაში ავტეხეთ განგაში. ოთხი საათი ჰყავდათ უპასპორტოდ", - გვითხრა ლაშა ბუღაძემ.

რუს სატირიკოსს, პოეტს და მწერალს, დმიტრი ბიკოვს 23 და 24 დეკემბერს თბილისში ორი შემოქმედებითი საღამო აქვს დაგეგმილი. ის ბათუმის აეროპორტის გამშვებ პუნქტში რამდენიმე საათის განმავლობაში ცოლთან და შვილთან ერთად ჰყავდათ გაჩერებული. ბიკოვს ახსნა-განმარტების გარეშე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა.

როგორც ბიკოვის ღონისძიების ორგანიზატორმა ზურაბ სვანიძემ გამოცემა SOVA-ს უთხრა, აქამდე ბიკოვს საქართველოში შემოსვლისას პრობლემები არასდროს შეჰქმნია. მისი თქმით, სატირიკოსს საკმაოდ მკვეთრი პოზიცია აქვს რუსეთის პრეზიდენტისა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ.

ბიკოვი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე [რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე] გაემგზავრა. იქ ბიკოვი ხელშეკრულებით მუშაობს და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. სვანიძის თქმით, მისი მკვეთრი პოზიცია მომხდარის შესახებ ყველასთვის ცნობილია.

„ბიკოვის პროგრამას საქართველოსთვის კოლოსალური მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველი პროგრამა ნაწილობრივ ეძღვნება ომს, მეორეს ეწოდება „ქართული პოეზიის ვერცხლის საუკუნე“. ის წაიკითხავს ქართველი პოეტების სხვადასხვა თარგმანს“, - თქვა სვანიძემ.

16 ნოემბერს საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ მედიასთან კომენტარში განმარტა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვების პრაქტიკა. მისი თქმით, იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნან საფრთხე, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან და საზღვრიდან აბრუნებენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ოპოზიციურად განწყობილ არაერთ აქტივისტს, ჟურნალისტსა და ბლოგერს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, მათ შორის - „დოჟდის“ მიხაილ ფიშმანსა თუ „მედიაზონის“ ჟურნალისტ დავიდ ფრენკელს.

XS
SM
MD
LG