Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე შემდეგი სხდომა 22 დეკემბერს დაინიშნა


თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა, რომელზეც მოსამართლე გიორგი არევაძე ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან მის გადავადებაზე იმსჯელებს, 22 დეკემბერს დაინიშნა. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მხოლოდ შუამდგომლობების დაყენება შეძლეს - იმის გამო, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრება ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად, მოწმეების გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა.

მოსამართლე გიორგი არველაძემ მომდევნო სხდომის თარიღის განსაზღვრისას თქვა: „21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“.

21 დეკემბერი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა - მოსამართლის ამ რეპლიკას გამოხმაურებები მოჰყვა დარბაზში. სხდომაზე დამსწრეები გიორგი არევაძეს სთხოვდნენ, რაც შეიძლება მალე დაენიშნა მომდევნო სხდომა, ვინაიდან ეს "სიცოცხლის საკითხია." პენიტენციური სამსახური სასამართლო განხილვის 30 დღით გადადებას ითხოვდა.

საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე მსჯელობა 9 დეკემბერს დაიწყო. სასამართლო ამ საკითხს განიხილავს სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე - შუამდგომლობის დაყენება შესაძლებელი გახადა ჩატარებულმა ექსპერტიზების დასკვნებმა, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

XS
SM
MD
LG