Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ვერ ჩართეს


მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერ ჩართეს სასამართლო პროცესზე, რომელზეც მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხი განიხილება. პენიტენციური სამსახურიდან და კლინიკა "ვივამედიდან" მიღებული განმარტებები მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის გახსნის შემდეგ წაიკითხა.

"მოთხოვნაში დაფიქსირებული მქონდა, რომ უნდა წარმოედგინათ მსჯავრდებული, სხვა შემთხვევაში, თუკი ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ბატონი ნიკა აბრამიშვილის [პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის] წერილია, რომ დღეის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოს მსჯავრდებულის, სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. და ასევე წერილი "ვივამედიდან", რომელიც ახლახან მომაწოდეს: "გაცნობებთ, 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას", - თქვა მოსამართლემ.

სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იკითხა, რა მიზეზით და რატომ ვერ ხერხდება მსჯავრდადებულის დისტანციურად ჩართვა, როცა კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.

"გუშინ იუსტიციის მინისტრი გამობრძანდა და იმუქრებოდა კადრების გავრცელებით. თუ ამდენი ტექნიკაა, ამდენი კადრებია, რა არის მიზეზი იმისა, რომ ვერ ხერხდება პატიმრის ჩართვა? ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლით, ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. რაშია საქმე?!"

პენიტენციური სისტემის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა შალვა ხაჭაპურის კითხვაზე პასუხად თქვა, რომ "შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს სჭირდება შესაბამისი გამართვა. ამ ეტაპზე კლინიკა "ვივამედში" არ აქვს პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი ტექნიკური საშუალებები."

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. პირველი სასამართლო სხდომა წინა კვირას გაიმართა.

შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მეგობრის სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG