Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - 14 ორგანიზაცია


მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიაზროს სახელმწიფოს ვალდებულებები, შეწყვიტოს გულგრილი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისადმი და იტვირთოს პასუხისმგებლობა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ამ შინაარსის განცხადებას 14 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

"სახალხო დამცველის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს. უკიდურესად აღმაშფოთებელი და ცინიკურია მმართველი პარტიის მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომელიც პატიმრის სიკვდილის შესაძლებლობას სრული გულგრილობით ეკიდება. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე „უფალს აბარია“ და „მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“.

მმართველი პარტია დღემდე არ აღიარებს სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას, რიგი წევრები კი სააკაშვილის სიკვდილს, შეიძლება ითქვას, სიხარულითაც ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ერთხელ უკვე დადგა კრიტიკული საფრთხის წინაშე, რისი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ხელისუფლება კვირების მანძილზე ყურადღებას არ აქცევდა.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად შეუსაბამოა როგორც საქართველოსა და საერთაშორისო სამართალთან, ასევე ევროკავშირის წევრობის პოლიტიკურ მიზანთან. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და ლეტალური შედეგის დადგომა იქნება არამხოლოდ ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, არამედ პოლიტიკური კოლაფსიც, რომელიც საქართველოს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს", - წერია განცხადებაში.

დღევანდელ, 14 დეკემბრის სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არარსებობის მიზეზით ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. პირველი სასამართლო სხდომა წინა კვირაში გაიმართა.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

XS
SM
MD
LG