Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ევროპარლამენტში დებატებზე: მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობაა


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, დეპუტატი
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, დეპუტატი

ევროპარლამენტში 13 დეკემბერს გამართულ დებატებს, რომელიც წინ უძღოდა დეპუტატ სვენ მიკსერის მიერ მომზადებული რეზოლუციის დღეს დაგეგმილ კენჭისყრას, მედიასთან საუბარში გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე.

მან ევროპარლამენტების განცხადებები მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობად შეაფასა - საუბარია მოწოდებაზე, პატიმრობიდან ჰუმანიტარული მოტივით გაათავისუფლონ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„რაც შეეხება მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობას, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი განცხადებების კეთებისგან ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება პატიმარს, მის პატიმრობას, სასჯელისგან გათავისუფლებას და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ. როდესაც ევროპარლამენტარები ცდილობენ განახორციელონ პოლიტიზებული ჩარევა, ეს არის მიუღებელი. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და რაც არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. როდესაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამ ელემენტარულ პრინციპს არ სცემენ პატივს, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით (კორუფციას ბევრი სახე აქვს, არა მარტო ფულთან შეიძლება ჰქონდეს საქმე კორუფციას) არის სერიოზული პრობლემები ევროპარლამენტში. ის დოკუმენტი, რომელიც განიხილება ევროპარლამენტში, არის ამის კიდევ ერთი დასტური და ის დებატები, რომელიც გაიმართა ევროპარლამენტში, არის ამის კიდევ ერთი დასტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არ უკავშირდება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. კობახიძის სიტყვებით, „კონკრეტული ევროპარლამენტარები გრძნობენ სააკაშვილის მიმართ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მათ წაახალისეს სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში. ვინც წაახალისა სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში, იმან ინერვიულოს მის პატიმრობაზე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ და ყველას მოუწოდა საქართველოს მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევისგან თავშეკავებისკენ, „მათ შორის მოვუწოდებთ ევროპარლამენტარებს. მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ქართულ მართლმსაჯულებას."

ირაკლი კობახიძის თანახმად, ევროპარლამენტარების ჯგუფი, რომელიც, ერთი მხრივ, მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, მეორე მხრივ, ქველმოქმედი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილის დასჯას, ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს.

ასეთი ევროპა არ არის ევროპა, ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნებოდა ყოველთვის და ეს ადამიანები, ეს 10 კაცი, თუ რამდენიც არის, არ განასახიერებს არავითარი ფორმით ევროპას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და იქვე მედიასთან საუბარში „აღმაშფოთებელი“ უწოდა „მიხეილ სააკაშვილზე ამდენ საუბარს." მან თქვა, რომ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი კი არა, პირველი მკვლელი და პირველი ავანტიურისტია, მან უნდა მოიხადოს 6-წლიანი სასჯელი და ყველამ უნდა აცადოს ამ სასჯელის მოხდა.

ევროპარლამენტში 13 დეკემბერს წარმართული დებატები მედიასთან კომენტარში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც შეაფასა. მისი თქმით, დებატებისას ევროპარლამენტის ტრიბუნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდისთვის იყო გამოყენებული, დებატებზე გამოთქმული მოსაზრებები კი ეკუთვნით საქართველოს თვითგამოცხადებულ მეგობრებს, რომელთა მიზანია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის მიერ ხელისუფლებისგან ჩამოშორებული მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება.

XS
SM
MD
LG