Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ამოვიდა სააკაშვილზე საუბარი ყელში... გუშინ ავტობანი გაიხსნა - ეს აინტერესებს ხალხს


ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "სააკაშვილის რეჟიმი" ციხეში ყოველწლიურად ათეულობით პატიმარს კლავდა. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, როცა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ლაპარაკობდა.

"მართლა აღმაშფოთებელია ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე. მართლა ყელში ამოვიდა. გუშინ, მაგალითად, 15 კმ ავტობანი გაიხსნა. ეს აინტერესებს ხალხს. არავის არ აინტერესებს, კრიმინალი სააკაშვილი სად იქნება. ეს არ შეიძლება ასე გაგრძელდეს...

9200 პატიმარია საქართველოში და ერთ პატიმარზე გვალაპარაკებთ ამდენი ხანი, როდესაც ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამნაშავეა, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ციხეში. მის რეჟიმს ჰყავს მოკლული რამდენიმე ასეული პატიმარი...

რაის მესამე პრეზიდენტი?! იყო პირველი დიქტატორი და მკვლელი. ას კაცს მარტო წელიწადში კლავდა ციხეებში, ხუთასი კაცი შეწირა აგვისტოს ომს, მისი ავანტიურისტობით და ღალატით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. პირველი სასამართლო სხდომა წინა კვირაში გაიმართა.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG