Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი შესაძლოა წელს არ გამოვიდეს ფედერალური კრების წინაშე მიმართვით


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოველწლიური გამოსვლა ფედერალური კრების წინაშე. 2021 წ. 21 აპრილი.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოველწლიური გამოსვლა ფედერალური კრების წინაშე. 2021 წ. 21 აპრილი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა არც წელს გამოვიდეს ფედერალური საკრებულოს წინაშე მიმართვით, რაც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის დარღვევაა.

ტასის საპარლამენტო წყარომ აღნიშნა, რომ მიმართვისთვის საჭიროა „სერიოზულად მზადება, წლის ბოლომდე კი ძალზე ცოტა დრო დარჩა“. ოფიციალური ცნობებით, პუტინმა მიმართვისთვის მზადება ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში დაიწყო, უკრაინაში შეჭრამდე. მოგვიანებით მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არაერთხელ დადო პირობა, რომ მიმართვით გამოსვლა წლის ბოლომდე შედგება.

რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით, პრეზიდენტი ვალდებულია, ყოველ წელს გამოვიდეს ფედერალური კრების წინაშე მიმართვით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.

მაგრამ 2017 წელს პუტინის ყოველწლიური მიმართვა არ შემდგარა: ის 2018 წლის მარტისთვის გადაიტანეს, საპრეზიდენტო არჩევნებთან უფრო ახლოს. მაშინ კონსტიტუციის დარღვევას განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია.

როგორც ვარაუდობენ, წელს არ შედგება არც მისი ყოველწლიური დიდი პრესკონფერენცია, რომლის დროსაც პუტინი რუსეთის მოქალაქეების შეკითხვებს სცემს პასუხს. ნოემბერში რუსეთის პრესა იტყობინებოდა, რომ კრემლში ჯერჯერობით არა აქვთ გარკვეული, ჩაატარონ თუ არ პუტინის ტრადიციული სატელევიზიო გამოსვლები. ამ გადაწყვეტილებაზე სხვა ფაქტორებთან ერთად მოქმედებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG