Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი სააკაშვილის კადრებზე: გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის განვრცობილ ქრონიკას


გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „პალიტრანიუსის" ეთერში გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას.

„გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ჩვენ ვუყურებთ სიკვდილით დასჯის განვრცობილ ქრონიკას", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მან გაიხსენა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და შეადარა მის ამჟამინდელ მდგომარეობას.

„პირველი შთაბეჭდილება ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმე იყო. პირველ რიგში, მე დავინახე სრულიად დასნეულებული. არ მინდა, ფატალური სიტყვები გამოვიყენო, ის რაც დავინახე, რა ფიზიკურ მდგომარეობაშიც არის ეს ადამიანი. გორის ჰოსპიტალში რომ ვნახე, მაშინ მსგავსი არაფერი იყო. ფიზიკურად სადამდე მიიყვანეს, რა კადრებს ვუყურებთ, საავადმყოფოშია თუ საკონცენტრაციო ბანაკში? ეს ძალიან შეცვლილია. არ შემიშვეს და არ უნდათ, რომ ვნახო“, - თქვა მარგველაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი, პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო.

„ვისაც ჰგონია, რომ მისი [სააკაშვილის] მდგომარეობით, ამ ფსიქიკური მდგომარეობით აჩვენებენ რამეს, გარდა იმისა, რომ ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა ერთად ძალიან ცუდია, უბრალოდ გაუნათლებლები ხართ, გარდა იმისა, რომ უნამუსოები. ეს ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა ავადმყოფობის, კახექსიის დროს ერთად მიდის. გავიგე, რომ არც პატრიოტიზმი გაქვთ, არც ღირსება გაქვთ, მშიშარები ხართ, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ - ეს მისი ცუდი საქციელი კი არ არის, მისი ფიზიკური მდგომარეობის გაგრძელებაა, მისი ფსიქო-ფიზიკური ავადმყოფობაა ეს.

ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ დონეზე იქნებოდით რუსების მონები, იმდენად მონები ხართ, რომ იმათ უკეთებთ ფილმებს, რუსებს, რომლებსაც უკრაინაში გმირი უკრაინელები და გმირი ქართველები დამარცხებას დამარცხებაზე აგემებენ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი იმარჯვებს, სადაც პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო, რადგან საქართველოს ქართველები ვაწამებთ პრეზიდენტს, რომელზეც პუტინმა თქვა, რომ პირადი მტერია და მერე კადრებს ვაჩვენებთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა ოპოზიციის საქმიანობაც შეაფასა.

„ამ წამებისა და საქართველოს შეურაცხყოფის შემდეგ რა ლოგიკით უნდა ისხდნენ ერთ პარლამენტში და იხილავდნენ რომელი ძაღლის ჯიში აკრძალონ, მე ვერ ვხვდები. შეუძლებელია იჯდე ადამიანებთან, რომლებიც აწამებენ და მერე საზოგადოებას აჩვენებენ ამას. პარლამენტის დატოვებით არაფერი არ მოხდება, მაგრამ პირველი ნაბიჯი ხომ უნდა გადაიდგას? ხომ გინდა, რომ ვითარება სადღაც წაიყვანო და ტემპერატურა ხომ უნდა აწიო?“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კლინიკა "ვივამედში" განთავსებული, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ვიდეო, რომელსაც არ ახლავს ხმა, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.

კადრების გასაჯაროების შესახებ „იმედის" ეთერში ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოში არავის აწამებენ.

„ამ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

კადრების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე ერთი დღით ადრე ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან ყოფილი პრეზიდენტი სიმულაციურ ქმედებებში დაადანაშაულა და თქვა, რომ კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმას, თუ რაზე საუბრობს ხელისუფლება, რადგან, მისი აზრით, სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

დღევანდელ, 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის მიზეზით, კლინიკიდან ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG