Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ჩანაწერების გავრცელებაზე: სისტემამ ბოლომდე გაიფარჩაკა თავი


კადრი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან
კადრი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის მიერ მის პალატაში გადაღებული კადრების გავრცელებას "სისტემის გაფარჩაკებად" აფასებს. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და განცხადების შინაარსი მედიას მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გააცნო.

"გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა?..

რაც შემეხება მე, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ", - წერია განცხადებაში.

აქვე საუბარია ურთიერთობაზე მედპერსონალთან, რომელთან კომუნიკაციის ვიდეოფრაგმენტიც მოხვდა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მასალაში:

"ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით. ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდოს".

პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრები გუშინ, 14 დეკემბერს, გაავრცელა. გუშინვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების სასამართლო სხდომა, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის გამო ვერ ჩართავდა პატიმარს დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG