Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება.

დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.

ამასთან კარიმ ხანი განმარტავს, რომ „მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად“.

„მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაში მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფლის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით, ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავისი მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს“, - წერს კარიმ ხანი.

30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის განცხადებაში წერია, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ეთნიკურ ქართველად აღქმული სამოქალაქო პირები დაკავებულ იქნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული პირები შემდგომში დაპატიმრებულ იქნენ, ექვემდებარებოდნენ არასათანადო მოპყრობას და იმყოფებოდნენ მძიმე პირობებში ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში (ე.წ. „იზოლატორში“ ან „კაპეზეში“). მოგვიანებით კი მოხდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ მათი ზეწოლის იარაღად გამოყენება პატიმართა და ტყვეთა გაცვლის დროს. გაცვლის შედეგად, დაპატიმრებული პირები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამხრეთი ოსეთი“.​

პალატის მითითებით, ეჭვმიტანილები უნდა დააკავონ, ეს თხოვნა შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას ან ნებისმიერ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა გადაეცეს, „რათა მათ ითანამშრომლონ სასამართლოსთან ეჭვმიტანილი პირების დაკავებისა და გადმოცემის თხოვნის აღსრულების მიზნით“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მოთხოვნით საქართველომ მიმართა. 2016 წლის 27 იანვარს პირველმა წინასასამართლო პალატამ პროკურორს უფლებამოსილება მიანიჭა, დაეწყო გამოძიება სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილია სამხრეთ ოსეთში, საქართველოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში.

2022 წლის 10 მარტს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა პირველი დაპატიმრების ორდერები გასცა.

დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არალეგიტიმურია და არანაირი პერსპექტივა არ ექნება.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG