Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა „სამხედრო ოპერაციაში“ ჩართული ძალების გენშტაბი მოინახულა - რუსეთის მედია


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გვიან ღამით მოინახულა გაერთიანებული შტაბი რუსეთის შეიარაღებული ძალებისა, რომლებიც ჩართულნი არიან „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“. ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის სიტყვებით, პუტინმა პარასკევი დღე იქ გაატარა, „გაეცნო შტაბის მუშაობას, მოისმინა ოპერაციაში მონაწილე ძალების ანგარიში, გამართა თათბირი ხელმძღვანელებთან“.

კადრებში, რომლებიც რუსეთის სატელევიზიო არხებმა გაავრცელეს, ჩანან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი.

სად არის განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბი, ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი არ აკონკრეტებს.

პუტინი, ამ დრომდე, არასდროს ყოფილა საომარი მოქმედებების ზონაში.

რუსული მედიის ცნობით, 5 დეკემბერს, ყირიმის აღდგენილი ხიდი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოინახულა. სახელმწიფო ტელეარხმა "როსია 24"-მა აჩვენა მანქანის საჭესთან მჯდომი პუტინი და მისი თანმხლები, ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.

კრასნოდარის ტერიტორიისა და ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდი 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG