Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელი მოეწერა დიდ შეთანხმებას - ორბანი ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ


შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი ბუქარესტში, 17 დეკემბერი
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი ბუქარესტში, 17 დეკემბერი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს, რომელიც 17 დეკემბერს, ბუქარესტში შედგა.

„ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითიც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება“, - წერს ვიქტორ ორბანი „ტვიტერში“.

„გამიჯვნის საპირისპიროდ, დაკავშირება ენერგო კრიზისიდან გამოსავალია. დღეს ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, რუმინეთის პრეზიდენტთან კლაუს იოჰანისთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურზულა ფონ დერ ლეიენთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითიც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება“,- წერს ვიქტორ ორბანი.

17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი ბუქარესტში, 17 დეკემბერი
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი ბუქარესტში, 17 დეკემბერი

ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.

დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG