Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლი აქვს მოსამართლეების ტიპოლოგიას მათი სამართლებრივი ქცევის გაანალიზებაში


ავტორი: ანა ჯიქურიძე

მოსამართლეების სამართლებრივი ქცევის გაანალიზებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათი კონსტიტუციური პერსონა, რაც თავისთავად მათ მიერ არჩეული კონსტიტუციის ინტერპრეტაციის მეთოდების საფუძველი ხდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ტიპოლოგია შესაძლებელია დაიყოს ოთხად. არსებობენ გმირი, ჯარისკაცი, მინიმალისტი და ჩუმი მოსამართლეები.

აღნიშნული ოთხი პერსონა ხსნის სასამართლოს მეირ მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზებს. ასევე შესაძლოა მოსამართლეებმა მოირგონ სხვადასხვა კონსტიტუციური პერსონა, რის გამოც ასეთ მოსამართლეებს ქამელეონებსაც კი უწოდებენ. კონსტიტუციური პერსონის ცნება არამხოლოდ მოსამართლის თვითაღქმას გულისხმობს, არამედ იმასაც თუ როგორ მიიღებს და შეაფასებს საზოგადოება მის გადაწყვეტილებას.

გმირი მოსამართლეები

გმირ მოსამართლეებს შესაძლოა ეწოდოთ „აქტივისტები“, რომლებიც მიისწრაფვიან იქითკენ, რომ კონსტიტუციის ამბიციური ინტერპრეტაცია მოახდინონ, რათა არავალიდური გახადონ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. გმირი მოსამართლეები შეიძლება იყვნენ როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები. თუმცა მიუხედავად მათი იდეოლოგიური მიკუთვნებულობისა მათ სწამთ, რომ კონსტიტუციის სახელით მოქმედ საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია პოლიტიკური და სამართლებრივი ცხოვრების ტრანსფორმაციის ფუნქცია. მაგალითად, ამერიკის უზენაესი სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი გმირი მოსამართლე იყო ჯონ მარშალი, რომლის წყალობითაც საქმეში Marbury v. Madison დამკვიდრდა საკანონმდებლო აქტების სამართლებრივი გადახედვის ინსტიტუტი, რისი არსებობაც თავისმხრივ არსებითად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. გმირი მოსამართლეების გადაწყვეტილებებს ენთუზიასტი აკადემიური დამცველები ყავს. მათ რიგებში სამართლის ფილოსოფოსი რონალდ დვორკინიც არის. გარდა ამისა, გმირები ხშირად პოლიტიკური აქტივისტების მხარდაჭერას იმსახურებენ, რადგან ამ უკანასკნელების მსგავსად სამართლებრივი „აქტივისტები“ არიან და ქმნიან იმ სივრცეს, სადაც პოლიტიკურ აქტივისტებს აქვთ შანსი შეცვალონ ხელისუფლების პოლიტიკა.

ჯარისკაცი მოსამართლეები

გმირი მოსამართლეების საწინააღმდეგო პოლუსზე განლაგებულნი არიან ჯარისკაცი მოსამართლეები, რომლებიც მოქმედებენ მიღებული ბრძანებების შესაბამისად. მოსამართლე ჯარისკაცების თვისებას წარმოადგენს სურვილი მიყვეს მასზე მაღლა მდგომის - ხელისუფლების პოლიტიკური შტოების ნებას უცვლელად. მათ ახასიათებთ თავმდაბლობა და თავიანთ თავებს მიიჩნევენ ხელქვეითებად.

ჯარისკაცი მოსამართლის პორტრეტს კარგად აღწერს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ოლივერ ვენდელ ჰოლმსის სიტყვები საქმეში Lochner v. New York (1905), სადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნიუ იორკის კანონი, რომელიც მცხობელებისთვის მუშაობის საათების მაქსიმალურ რაოდენობას ადგენდა. ჰოლმსი არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და თავის განსხვავებულ აზრში თქვა, რომ „თუ ჩემს თანამემამულე მოქალაქეებს სურთ ჯანდაბაში წასვლა, მაშინ მე მათ დავეხმარები. ეს ჩემი სამსახურია.“ „კონსტიტუცია არ ისახავს მიზნად ხორცი შეასხას რომელიმე ეკონომიკურ თეორიას, იქნება ეს პატერნალიზმი თუ laissez faire. კონსტიტუცია არის ფუნდამენტურად განსხვავებული ხედვების მქონე ადამიანებისგან შექმნილი დოკუმენტი და ჩვენი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე არ უნდა იყოს დაფუძნებული კითხვაზე იწვევს თუ არა კანონი კონფლიქტს მოქალაქეებსა და კონსტიტუციას შორის. “ ჯარისკაც მოსამართლეებს არ სურთ ჩაებან სოციალურ რეფორმაში.

მინიმალისტი მოსამართლეები

ზოგიერთი მოსამართლე არც გმირია და არც ჯარისკაცი, მაგრამ მინიმალისტია იმიტომ, რომ პატარა ცვლილებებით, ეტაპობრივად ერევა სოციალურ რეფორმაში. გმირებისგან განსხვავებით, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ თავისუფლებისა და თანასწორობის ამბიციურ გაგებას, მინიმალისტები ფართომასშტაბიანი თეორიების ლიმიტირებულ სივრცეს იყენებენ. ჯარისკაცი მოსამართლეების მსგავსად თავმდაბლები არიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბრძანებებს ასრულებენ, არამედ იმიტომ, რომ უყვართ წინსვლა პატარა ნაბიჯების გადადგმით. ამა თუ იმ საქმის გადაწყვეტილების დაწერის დროს მინიმალისტები მკაცრად იცავენ ორ განსხვავებულ წესს. მათ არ სურთ დაეყრდნონ დამფუძნებლურ თეორიას და ამავე დროს არც თავისუფლებისა და საკუთრების მნიშვნელობის სიღრმისეულ ანალიზს. მეორე წესი კი მდგომარეობს იმაში, რომ ამ კონსტიტუციურ პერსონას ახასიათებს საკითხის ვიწროდ განხილვა, რა დროსაც ფოკუსირდება ყოველი განსახილველი საქმის კონკრეტულ ფაქტებზე. მინიმალისტები აცნობიერებენ, რომ მოსამართლეების როლი ბრძანებების შესრულება კი არ არის, არამედ თავიანთი დისკრეციული უფლებამოსილების აღსრულება. მინიმალისტებისთვის ჯარისკაცი მოსამართლეები მშიშრები არიან, რადგან უარყოფენ და არც კი განიხილავენ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მნიშვნელობას.

ჩუმი მოსამართლეები

მაშინ როდესაც მინიმალისტები უპირატესობას ანიჭებენ საკითხის ვიწროდ და არაამბიციურად გადაწყვეტას, ჩუმი მოსამართლეები დუმილს ამჯობინებენ. ისინი მნიშვნელოვან სტრატეგიას მიმართავენ, რომელსაც ქვია „კონსტიტუციური არიდება“, რითაც მოსამართლეები საკითხს წყვეტენ კონსტიტუციური საკითხების განხილვის გარეშე. ხშირად მოსამართლეები კანონებს იმგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ, რითაც საერთოდ მათზე კონსტიტუციური მსჯელობის საჭიროების არარსებობა გამართლებული იყოს და არ მოუხდეთ პოზიციის დაფიქსირება ფუნდამენტურ საკითხებზე. სასამართლოს ასევე აქვს კონტროლი თავის იურისდიქციაზე და მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ისეთი საკითხები, რომლებიც აზრთასხვადასხვაობასა და საზოგადოების ერთგვარ დიქოტომიზაციას იწვევს დატოვოს გადაუჭრელი მანამ, სანამ არ მოვა შესაბამისი დრო, როცა საზოგადოება იქნება მზად მოსმენისთვის. ჩუმი მოსამართლეები გაურბიან პასუხისმგებლობას მოირგონ ერთგვარი მესაჭის როლი და თვითონ წარმართონ პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება.

21-ე საუკუნეში სასამართლოს სიჩუმის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ამერიკის უზენაესი სასამართლოს საქმე Hollingsworth v. Perry, სადაც სასამართლომ მოიხმო დასაშვებობის სტანდარტი, რაზე დაყრდნობითაც თავი აარიდა ერთნაირი სქესის მქონე წყვილთა ქორწინების ამკრძალავი ნორმის წაკითხვას კონსტიტუციის შუქზე. სასამართლომ განაცხადა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა უკვე მიყენებული ან მომავალში შესაძლო ზიანის მიდგომის ფაქტი, რის გამოც სათანადო მოსარჩელედ არ ცნო და საქმე არ განიხილა. ნათელია, რომ მოსამართლემ წმინდად ტექნიკური საკითხის მოშველიებით თავი აარიდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხის შეფასებას. [1]

[1] CASS R. SUNSTEIN, Constitutional Personae, Published in the United States of America by Oxford University Press 198 Madison Avenue, New York, NY 10016, გვ 6 – 25.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG