პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამი დეპუტატი: თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე შიმშილობას მე-4 დღეა, განაგრძობენ. მოშიმშილეთა რიგებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გამოაკლდა კიდევ ერთი მოშიმშილე, აბდულა ისმაილოვი.
"ერთადერთი ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და ეს ბოლო 2 დღე. იგი გავუშვით სახლში, რადგან არ შეიძლებოდა უკვე მისი გაჩერება", - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ. მისი თქმით, ყველა მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს მხნედ გრძნობენ და გააგრძელებენ პროტესტს, მიზნის მიღწევამდე.
"ჩვენ ვართ მხნედ და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომელიც არ აპირებს შეეგუოს იმას, რაც ხდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავს, ამ დიდ უსამართლობას, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
მოშიმშილეების მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
17 დეკემბრიდან დეპუტატები შიმშილობას სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, პარლამენტის ფრაქციის ოთახში განაგრძობენ.
22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.