Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 19 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს


უკრაინელი სამხედროები ბარიკადებს ამზადებენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში. 2022 წლის 21 დეკემბერი
უკრაინელი სამხედროები ბარიკადებს ამზადებენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში. 2022 წლის 21 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს 19 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის სუმის ოლქის სოფელ ვისოკოესთან. ბოლო თვეების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინის არმიის სარდლობა ქვეყნის ამ რაიონში აქტიური საბრძოლო მოქმედების შესახებ იუწყება. გენშტაბის ცნობითვე, შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 7 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებული პუნქტის რაიონშიც, მათ შორის ქალაქ ბახმუტში.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო და 6 საავიაციო დარტყმა, მათ შორის ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის ცნობითვე, მოწინააღმდეგე არტილერიის და ტანკების გამოყენებითაც უტევდა დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და დნეპროპეტროვსკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და გაანადგურა 3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს საოკუპაციო ძალების მართვის სამ პუნქტზე, საბრძოლო მასალების სამ საწყობსა და პირადი შემადგენლობის თავმოყრის რვა რაიონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG