Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე პუტინი არააქტუალურ ინფორმაციას იღებს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას იღებს დაგვიანებით, და ცენზურის შემდეგ - ამის შესახებ იუწყება გამოცემა The Wall Street Journal-ი, რუს ჩინოვნიკებსა და კრემლთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით.

ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ წერილობით ანგარიშს პუტინი ყოველ დილით იღებს. ამ ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია ყურადღებითაა შემოწმებული, რათა ხაზი გაესვას რუსეთის არმიის წარმატებებს, მისი მარცხები კი მინიმიზებულ იქნეს - წერს WSJ.

ამასთან, ფრონტის ხაზიდან მოსული ინფორმაცია პუტინის მაგიდაზე მოხვედრამდე რამდენიმე დღე ყოვნდება და გაივლის სხვადასხვა უწყებას. სამხედრო ხელმძღვანელები ანგარიშს აბარებენ ეფესბეს, რომელიც მათ ანგარიშს რედაქტირებას უქვემდებარებს და უშიშროების საბჭოს უგზავნის, რის შემდეგაც საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი მათ პუტინს გადასცემს - იუწყება გამოცემა. ეფესბემ, უშიშროების საბჭომ და პატრუშევმა არ უპასუხეს WSJ-ის თხოვნას კომენტარის შესახებ.

პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი უარყოფს დასკვნებს იმის თაობაზე, რომ პუტინი დამახინჯებულ ინფორმაციას იღებს ომის მსვლელობის შესახებ. "პრეზიდენტს, ისევე, როგორც უწინ, ინფორმაციის მოსაპოვებლად რამდენიმე არხი აქვს" - თქვა პესკოვმა.

როგორც ბევრჯერ იუწყებოდნენ, პუტინი არ სარგებლობს ინტერნეტით, ციფრული თვალთვალის შიშით. რუსი ჩინოვნიკები, მთავრობის მომხრე ჟურნალისტები და ანალიტიკოსები შეეცადნენ პირადად მიეტანათ რეალური ვითარების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტამდე. მაგალითად, ერთ-ერთმა სოციოლოგმა კრემლთან დაკავშირება სცადა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების გამო, რომელმაც აჩვენა, რომ ომს მოსალოდნელზე დაბალი მხარდაჭერა აქვს. ამ სოციოლოგს უპასუხეს, რომ "ახლა არაა საჭირო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის განწყობის გაფუჭება".

"მამის" - პუტინის ამ მეტსახელს WSJ იყენებს - განწყობის გაფუჭებას წლების განმავლობაში უფრთხოდნენ დიპლომატებიც, რომლებიც თავიანთი დეპეშების დასაწყისში კარგ ამბებს ყვებოდნენ, დათმობებს და ჩავარდნებს კი შემდგომ გვერდებს უთმობდნენ. თუმცა კრემლში ამგვარი ტელეგრამებიც კი რედაქტირებას ექვემდებარებოდა - ამბობს გაეროში რუსეთის დიპლომატიური მისიის ყოფილი თანამშრომელი, ბორის ბონდარიოვი.

თანამედროვე უკრაინის შესახებ პუტინის წარმოდგენების ფორმირებაზე გავლენა იქონია, სხვებს შორის, ორმა პირმა - აღნიშნავს WSJ. ერთია მისი ძველი მეგობარი, მედიამაგნატი იური კოვალჩუკი, რომელსაც პუტინი ბევრჯერ შეხვდა პირადად და განიხილა "დიადი რუსეთის" იდეა - შეხვედრები მიმდინარეობდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა პუტინი სხვა შეხვედრებს ძირითადად ვიდეოჩართვებით ატარებდა. მეორეა უკრაინის ყოფილი პრორუსი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც ასევე ჰქონდა პირადი წვდომა პუტინთან. როგორც WSJ-ის წყაროები ყვებიან, ომის წინ სწორედ მედვედჩუკმა შთააგონა პუტინს, რომ უკრაინელები თავს რუსებად მიიჩნევენ და რუსეთის სამხედროებს ყვავილებით შეეგებებოდნენ. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი უკრაინაში დააპატიმრეს და შემდეგ ის უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე გაიცვალა.

გამოცემის წყაროები თვლიან, რომ პუტინი მზად არის მრავალწლიანი ომისთვის და რუსეთის ეკონომიკისა და მოსახლეობის მობილიზაციისთვის გამარჯვების მისაღწევად.

XS
SM
MD
LG