Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი გორდონი: „თუ მსოფლიო არ გადაარჩენს სააკაშვილს, იგი ამას ინანებს“


დმიტრი გორდონი
დმიტრი გორდონი

ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა თბილისიდან მიიღო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც უკრაინელმა ჟურნალისტმა თავის იუტუბ-არხზე წაიკითხა:

„დიმა გორდონს მიხეილ სააკაშვილისგან. ძვირფასო მეგობარო, ძალიან მენატრება თქვენი ოჯახი. ვცდილობ, რეგულარულად ვუყურო თქვენს გადაცემებს. სასაფლაოზე სიუჟეტი ძალიან კარგი იყო. რაც შემეხება მე - მაღალი რანგის ამერიკელი ტოქსიკოლოგები უტყუარად ამტკიცებენ, რომ მე მომწამლეს ციხეში შხამიანი ნივთიერებების მინარევით, რასაც უნდა მოვეკალი. დავკარგე გონება, მაგრამ არ მოვკვდი, თუმცა დამრჩა უამრავი სიმპტომი. მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალი იქნება. მადლობელი ვიქნები, თუ ამ საკითხით დაინტერესდები“.

დმიტრი გორდონის თქმით, მას არ შეუძლია არ დაინტერესდეს ამ საკითხით, რადგან საუბარია საქართველოს პრეზიდენტსა და მნიშვნელოვანი რეფორმების ავტორზე, რომელმაც ერთ დროს მშვენიერი, მაგრამ სრულად განადგურებული ქვეყანა ფეხზე დააყენა.

„მთელი მსოფლიო გასაგონად მინდა ვთქვა, რომ გამოჩენილი ქართველი პრეზიდენტი, ავტორი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისა, მიხეილ სააკაშვილი იტანჯება ციხეში და სიკვდილის ზღვარზე იმყოფება. ყველას ვთხოვ, ვისზეც არის დამოკიდებული, უშველეთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, გადაიყვანეთ სამკურნალოდ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან აშშ-ში. აუცილებელია ამ ადამიანის გადარჩენა. თუ მსოფლიო არ გადაარჩენს სააკაშვილს, მსოფლიო ამას ინანებს“, - განაცხადა დმიტრი გორდონმა, რომელმაც თავისი არხის მაყურებელს ასევე შეახსენა საქართველოში არსებული სიტუაცია 2004 წლამდე, ვიდრე სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა:

„საქართველოში ნამყოფი ვარ სააკაშვილის პრეზიდენტობამდეც, პრეზიდენტობის დროსაც და პრეზიდენტობის შემდეგაც. სააკაშვილამდე საქართველო მკვდარი ქვეყანა იყო, პრაქტიკულად არაფერი იყო, ხალხი სიღარიბეში ცხოვრობდა. გზები, სახლები, თბილისი საშინელ მდგომარეობაში იყო, ყვაოდა კორუფცია იმდენად, რომ კანონიერ ქურდებს შს მინისტრი აეროპორტში ხვდებოდა კორტეჟით. სააკაშვილმა შეცვალა სიტუაცია ძალიან სწრაფად. გული მწყდებოდა, რომ უკრაინაში არ იყო რეფორმების და გარდაქმნების ასეთი მაღალი ტემპი. სააკაშვილმა წააგო არჩევნები და წავიდა, წააგო ივანიშვილთან, რომელიც პუტინის მეგობარი ოლიგარქია“.

XS
SM
MD
LG