Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის სარჩელზე ინფორმაცია არ გვაქვს - ზურაბიშვილის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, 6 თვის გასვლის მიუხედავად, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ სარჩელზე, რომლითაც მთავრობამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხზე. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს, "ელჩების კონფერენციასთან" დაკავშირებით გავრცელდა, ასევე აღნიშნულია, რომ ეს საკითხი "საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას".

"საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

2022 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ". საქმე 9-წევრიანმა პლენუმმა უნდა განიხილოს.

მოსამართლეთა შემადგენლობა მიიჩნევს, რომ იმ საკითხის გასარკვევად, კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა, საჭიროა უფლებამოსილებათა ფარგლების დადგენა.

ის, რომ საქართველოს მთავრობას უფლებამოსილების გამიჯვნაზე პრეზიდენტთან პრობლემები ჰქონდა, ცნობილი 2022 წლის მარტში გახდა. ამ საკითხზე საუბარი საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დაიწყეს.

XS
SM
MD
LG