სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 დეკემბერს, ღამით, სერბეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი მიავლინა კოსოვოსთან საზღვარზე, ამ ცნობას თავად გენერალი მილან მოისილოვიჩი ავრცელებს.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, მაგრამ ბელგრადი ამ ნაბიჯს არ ცნობს და კოსოვოში მცხოვრებ 120 000 სერბს აგულიანებს, არ დაემორჩილონ პრიშტინის ძალაუფლებას. პოლიციის ყოფილი ოფიცრის დაპატიმრების გამო გაბრაზებულმა ასობით ეთნიკურმა სერბმა 10 დეკემბერს გზები დაბლოკა ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ. ამან მოძრაობის პარალიზება გამოიწვია ორ გამშვებ პუნქტზე.
"იქ ვითარება რთულია და კომპლექსური", - ამბობს სერბეთის არმიის ხელმძღვანელი ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძენს: "ის მოითხოვს სერბეთის არმიის ყოფნას მომავალ პერიოდში, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ".
დაძაბულობის გაღრმავების ფონია კოსოვოს მიერ 18 დეკემბერს დანიშნული ადგილობრივი არჩევნები სერბთა უმრავლესობის მქონე მუნიციპალიტეტებში და სერბთა მთავარი პარტიის განცხადება, რომ ის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. დააპატიმრეს ყოფილი პოლიციელი, რომელიც ეჭვმიტანილია ეთნიკურად ალბანელი პოლიციელების წინააღმდეგ თავდასხმებში მონაწილეობაში. მისმა დაკავებამ ეთნიკურ სერბებში გაღიზიანება და გზების ბლოკირება გამოიწვია.