Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის ინიციატივით 2023 წლის აღნიშვნაზე რეგიონებში 5 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება


საახალწლო მზადება ლაგოდეხში, 2022 წლის დეკემბერი

2022 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანება გამოსცა და ქვეყნის მასშტაბით 62 მუნიციპალიტეტს დაავალა, ღირსეულად აღენიშნათ ახალი წელი. 

ქალაქებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს გამარტივებული შესყიდვები პრემიერ-მინისტრის დავალების შესასრულებლად და სახელდახელოდ იყიდეს მომსახურება საახალწლო კონცერტების ჩასატარებლად და ატრიბუტიკა ქალაქების მოსართავად. ამ დროისთვის 33 ქალაქის საახალწლო ხარჯები 5 მილიონ ლარს აღწევს, სხვა ქალაქების დოკუმენტაცია შესყიდვების სისტემაში ჯერ არ ატვირთულა იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე უკვე ანთებულია საახალწლო ნაძვის ხეები და დაწყებულია სადღესასწაულო ღონისძიებები.

ფეისბუკის პოსტებში, რომლებსაც ქალაქების მთავრობები ავრცელებენ საახალწლო ღონისძიებების შესახებ, საგანგებოდ არის აღნიშნული პრემიერ-მინისტრის როლი დღესასწაულებში.

ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებაში არ არის დასახელებული ის თანხა, რაც მუნიციპალიტეტებმა საახალწლო ზეიმზე უნდა დახარჯონ, თუმცა ნათქვამია, რაა საჭირო ახალი წლის დღესასწაულისთვის: კონცერტი, საშობაო ბაზრობა, თოვლის ბაბუასთან შეხვედრა, საბავშვო გასართობი სივრცეებიის და ფოტოგადასაღები ზონების მოწყობა, საახალწლო ინსტალაციები და ფეერვერკები.

შესყიდვების სააგენტოს საიტზე ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქალაქებიდან ყველაზე მეტს საახალწლო ზეიმზე თბილისისა და ბათუმის შემდეგ გორი, თელავი, ლაგოდეხი და ოზურგეთი ხარჯავს.

იმის საილუსტრაციოდ, რამდენად ბევრია ახალი წლის საზეიმო ღონისძიებებისთვის განსაზღვრული თანხები სხვა ყოფით ხარჯებს, რამდენიმე ციფრი:

  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 6 566 ლარად ყიდულობს სასაჩუქრე კალათებს საბავშვო ბაღის ასაკის 980 ბავშვისთვის;
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტს 1 501 ლარი უჯდება 19 ხანდაზმულის საკვებით ერთჯერადად უზრუნველყოფა;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი 60 000 ლარად ყიდულობს საახალწლო ნობათს 600 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.

კორუფციის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ისეთი ყოველწლიური დღესასწაულების აღნიშვნა გამარტივებული შესყიდვებით, როგორიცაა ახალი წელი, თანხების გაუმჭვირვალე, არაეფექტურად ხარჯვის რისკებს ზრდის და ცუდ მმართველობაზე მიანიშნებს.

ხელისუფლებას კი ახალი წლის დღესასწაულისთვის გარდა საზეიმო ღონისძიებებისა, წელს საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის გაზრდილი უქმე დღეები აქვს: - ისევ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო უწყებები 1-დან 8 იანვრამდე დაისვენებენ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG