Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის მხრიდან გზის ბლოკირების შემდეგ, კოსოვომ გადაკეტა ყველაზე მსხვილი გამშვები პუნქტი


დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს მერდარეს გამშვებ პუნქტზე სერბეთსა და კოსოვოს შორის. 28 დეკემბერი, 2022 წელი
დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს მერდარეს გამშვებ პუნქტზე სერბეთსა და კოსოვოს შორის. 28 დეკემბერი, 2022 წელი

კოსოვოს ხელისუფლებამ მერდარეში სერბეთთან მოქმედი ყველაზე მსხვილი გამშვები პუნქტი გადაკეტა მას მერე, რაც დემონსტრანტებმა გამშვები პუნქტის სერბეთის მხარეს ბარიკადები აღმართეს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, კოსოვოს აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე მერდარე გადაიკეტა სატვირთო მანქანით და ტრაქტორებით. ამ ნაბიჯმა კოსოვოს მთავრობას უბიძგა იქ მოქმედი ნატოს სამშვიდობო ძალისთვის (KFOR) ეთხოვა გზის გახსნა, თუმცა სამშვიდობო კონტინგენტის მანდატი სერბეთის ტერიტორიას არ მოიცავს.

ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სერბია, დაძაბულობაა ნოემბრიდან, როცა ასობით ეთნიკურმა სერბმა პოლიციელმა, მოსამართლემ და პროკურორმა დატოვა სამსახურები, პრიშტინის გადაწყვეტილების გამო, კოსოვოში აეკრძალა ავტომანქანების სერბული სანომრე ნიშნები.

პრიშტინამ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც სამსახურების მასობრივმა დატოვებამ კოსოვოში უსაფრთხოების ვაკუუმი გამოიწვია.

28 დეკემბერს კოსოვოს ხელისუფლება შეეცადა დაძაბულობის შემცირებას - გამოაცხადა, რომ ათავისუფლებს ეთნიკურ სერბ ყოფილ პოლიციელს, დეიან პანტიჩს, რომლის 10 დეკემბერს დაპატიმრებამაც ასობით სერბს უბიძგა გზების გადაკეტვისკენ.

პანტიჩი დააკავეს ეჭვით, რომ მონაწილეობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებზე თავდასხმაში და მისჯილი ჰქონდა შინაპატიმრობა, - უთხრა მისმა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.

მერდარე კოსოვოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ტვირთების გადასაზიდად. 26 დეკემბერს კოსოვოს მხარეს ეთნიკურმა სერბებმა კიდევ ორი პუნქტი გადაკეტეს. ამჟამად კოსოვოსა და სერბეთს შორის ღია რჩება მხოლოდ სამი გამშვები პუნქტი.

XS
SM
MD
LG