Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უთხრეს სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზებზე ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა და "ვივამედის" ნევროლოგმა


თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვა გრძელდება. 29 დეკემბრის სხდომაზე 2 მოწმე - ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და კლინიკა "ვივამედის" ექიმი-ნევროლოგი, თამარ აბაშიძე გამოკითხეს.

ამერიკელი ტოქსიკოლოგი სააკაშვილის მოწამვლაზე მიანიშნებს, "ვივამედის" ნევროლოგი კი (იგი ექსპრეზიდნეტს ახლაც მკურნალობს) პაციენტის მძიმე ნევროლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს.

"ჩემი აზრით, პირველი ინტოქსიკაცია მოხდა მარტში"

ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას, თავისი დასკვნის შინაარსის მოყოლით დაიწყო ჩვენება. იგი დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით არის მოწამლული, რომელიც პრაქტიკულად, ყველა ორგანოს აზიანებს.

"მე განვიხილე დიდი რაოდენობით სამედიცინო ჩანაწერები, ლაბორატორიული ტესტები, თმების, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშების შედეგები, გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და ასევე 170-გვერდიანი დასკვნა.

ჩემი აზრით, ის მოწამლულია სხვადასხვა მეტალებით, მათ შორის ვერცხლისწყლით, დარიშხანით, ბარიუმით, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ასეთი მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და ამ პროცესში ისინი წამლავენ სხვადასხვა ორგანოებს. შედეგად, მან განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება, განსაკუთრებით, დაზიანდა თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე.

მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც არის თავის ტვინის გარეთ ნერვების დაზიანება, ასევე აქვს კუნთების განლევა. დაზიანებული აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემა, რაც იწვევს გასტრიტს, მუდმივ დიარეას და შესაბამისად, კახექსიას და წონაში მკვეთრ კლებას, მას დაზიანებები აქვს ღვიძლში და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, ისეთი, როგორიცაა გული და თირკმელი", - თქვა ტოქსიკოლოგმა.

დევიდ სმიტი, ასევე აღნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დეტოქსიკაციის მიზნით (სპეციფიური თერაპია რომის დახმარებითაც ორგანიზმიდან მძიმე მეტალები იდევნება) მკურნალობა არ ჩატარებია. მისი აზრით, პაციენტის შესაბამისი მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში არსებობს სიკვდილის ან ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების გარდაუვალი რისკები, მათ შორის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

ამერიკელი ტოქსიკოლოგი, ასევე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ინტოქსიკაცია 2022 წლის მარტში მოხდა მანამ, სანამ მას კლინიკაში [12 მაისს] გადაიყვანდნენ.

"ჩემი აზრით, პირველი ინტოქსიკაცია მოხდა მარტში, ვიდრე მას გადაიყვანდნენ და მოგვიანებით ამ მძიმე მეტალებმა დააზიანა ორგანიზმში სხვადასხვა ორგანო", - თქვა დევიდ სმიტმა. ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოწამლეს თუ არა სააკაშვილი ციხეში, სმიტი უპასუხებს, რომ მძიმე მეტალებისგან ინტოქსიკაციამ გამოიწვია ტვინის დაზიანება და კრუნჩხვები. ამის შემდეგ ადვოკატი კითხვას იმეორებს, რაზეც სმიტი პასუხობს:

"მას სიმპტომები უკვე ჰქონდა სამედიცინო დაწესებულებაში. მე ვთვლი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი მოწამვლა, არამედ მანამდე, ციხეში".

"ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია"

სასამართლოზე მოწმედ მივიდა კლინიკა "ვივამედის" ექიმი-ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მოსამართლემ, ტრადიციულად სამოქალაქო, ან რელიგიური ფიცის დადება სთხოვა, ექიმმა კი ასე უპასუხა: “რელიგიური იყოს… თუმცა ღმერთის შეწუხება ამისთვის არ ღირდა”.

ნევროლოგი თამარ აბაშიძე ის ექიმია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი 25 მაისს კლინიკა "ვივამედში" გულის წასვლის შემდეგ გასინჯა და სხვა კვლევებთან ერთად ტოქსიკოლოგიური ანალიზებიც დაუნიშნა. მან სასამართლოზე გაიხსენა, რომ ექსპრეზიდენტი პირველად 2021 წლის 31 დეკემბერს ნახა, მეორედ კი უკვე მათ კლინიკაში შესვლის დროს, 12 მაისს. სწორედ ამ პერიოდის გახსენებით დაიწყო მან თავისი ჩვენება სასამართლოზე:

"მისი მდგომარეობა გაუარესებული იყო წინა პერიოდთან შედარებით, [რაც] გამოიხატებოდა საერთო სისუსტეში, მთავარი სიმპტომი იყო საკვების მიღების სრული გაძნელება, უმადობა, წონაში კლება, მთელი რიგი ნევროლოგიური დარღვევები".

თამარ აბაშიძემ მიხეილ სააკაშვილს დაუზუსტებელი ეტიოლოგიის პოლინეიროპათიისა [ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია პერიფერიული ნერვების მრავალრიცხოვანი დაზიანებით - რ.თ.] და ენცეფალოპათიის [თავის ტვინის დიფუზური დაზიანების სინდრომი -რ.თ.] დიაგნოზები დაუსვა. იგი არ ეთანხმება ამერიკელი ფსიქიატრის დიაგნოზს - დემენციას [თავის ტვინის ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადების შედეგად წარმოქმნილი სინდრომი -რ.თ.].

"ენცეფალოპათია თავისთავად მოიცავს იმ სიმპტომებს რაც თუნდაც დემენციას ახასიათებს. არის კიდევ სხვა ნიუანსები, რომელიც მე დემენციაში ვერ ჩავსვი და ჩემს დიაგნოზად რჩება ენცეფალოპათია".

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის კითხვების პასუხად, ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ ვერ დააკონკრეტა, შეუძლია თუ არა "ვივამედს" მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური დაავადებების მართვა. ურთქმელიძესა და აბაშიძეს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

მალხაზ ურთქმელიძე: პოლინეიროპათია, ენცეფალოპათია ქრონიკულია… არ იკურნება, ეს ყველამ იცის საზოგადოებაში, მაგრამ შესაძლებელია თუ არა მისი მართვა?

თამარ აბაშიძე: კი, არის შესაძლებელი.

მალხაზ ურქთმელიძე: გიმართავთ ასეთი პაციენტი?

თამარ აბაშიძე: კი, რა თქმა უნდა. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთან ხვდებიან მწვავე პაციენტები... ასეთი [სააკაშვილის მსგავსი] პაციენტი ნამდვილად არ მყოლია.

მალხაზ ურთქმელიძე: პოლინეიროპათია, ენცეფალოპათიის მართვა, პრინციპში, დასაშვებია, ამას იძახით. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი დასაშვებია თქვენს კლინიკაში [ვივამედი]?

თამარ აბაშიძე: არ ვარ კომპეტენტური ამაზე პასუხის გასაცემად... ასეთი პაციენტი არ მიმართავს, შესაბამისად, როგორ გაგცეთ პასუხი? ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ, ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება პაციენტის მდგომარეობა და ვმოქმედებთ გაიდლაინებით, პროტოკოლებით, განახლებადი ინფორმაციით.

ასევე, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ექიმს სთხოვა, დაეხასიათებინა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კლინიკა "ვივამედში" შესვლიდან დღემდე, რაზეც ექიმმა უთხრა, რომ დღეს ნევროლოგიური თვალსაზრისით "უარყოფითი დინამიკაა".

"გარკვეულ ეტაპზე გვქონდა გაუმჯობესება, როცა საკვების მიღების პროცესი განახლდა, ეს არ იყო სრულყოფილი, თუმცა იყო უკეთესი ვიდრე არაფერი. იყო გარკვეული გაუმჯობესება ნევროლოგიურადაც, ემოციურადაც, ლაბორატორიული მონაცემებიც სტაბილური იყო. შემდეგ ისევ შეიცვალა მდგომარეობა. ეს იყო აგვისტოს ბოლო სექტემბრის დასაწყისი. ისევ წამოვიდა უარყოფითი დინამიკა. ბოლო თვეების განმავლობაში არის უფრო უარყოფითი დინამიკა ნევროლოგიური თვალსაზრისით. თუმცა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მაჩვენებლები გაუარესებული არაა, სტაბილურია".

ხაჭაპურიძემ მას ასევე ჰკითხა, დამძიმდა თუ არა სააკაშვილის მდგომარეობა 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც მასთან მივიდნენ პროკურორები და მოსამართლე გასვლითი სხდომის ჩასატარებლად.

ნევროლოგის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მას ჰქონდა ძლიერი ფსიქომოტორული აღგზნება, იმის შემდეგ კი მისი მდგომარეობა "საგრძნობლად გაუარესდა".

"ვივამედის" ექიმის თქმით, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით მათ ვერ მიაკვლიეს მიზეზს, თუ რატომ აქვს სააკაშვილს ყოველ დღე ნორმაზე მაღალი ტემპერატურა, თუმცა აღნიშნავს, რომ ენცეფალოპატიას ახასიათებს ტემპერატურული ცვლილებები.

იგი საუბრობს წონაში მკვეთრ კლებაზეც და ამბობს, რომ ბოლო 2 თვეში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა: "შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მთავარი ჩივილი იყო საკვების მიღების შეუძლებლობა, თითოეული ლუკმის მიღება იყო დიდი ძალისხმევის შედეგი...".

თამარ აბაშიძე, ასევე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ცვლილების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ იგი ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია.

"ვივამედის" ექიმმა მიანიშნა იმაზე, რომ არსებულ მკურნალობას დადებითი შედეგი ვერ ექნება, თუკი არ დაიწყება პაციენტის ფსიქო-ნეირო რეაბილიტაცია.

მომდევნო სასამართლო სხდომა 30 დეკემბერს 15 საათზე ჩაინიშნა.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG