Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილოშევიჩის საქმის ყოფილი პროკურორი: პუტინი სამხედრო დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს


საპროტესტო აქცია შვეიცარიაში. 2022 წ. 25 სექტემბერი
საპროტესტო აქცია შვეიცარიაში. 2022 წ. 25 სექტემბერი

ბრიტანელი იურისტი ჯეფრი ნაისი, რომელიც იუგოსლავიის საკითხების საერთაშორისო ტრიბუნალთან თანამშრომლობდა, მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ილაპარაკა.

1998-2006 წელებში ნაისი მთავარი პროკურორი იყო სერბეთის ყოფილი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის საქმეში. ბრიტანელი იურისტის თქმით, პუტინის მიმართ ბრალდებები სრულიად აშკარაა.

„არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ განკარგულებების ჯაჭვი უშუალოდ პუტინამდე მიდის. ეს მისი ჯარისკაცები არიან. მოვლენების შესახებ მან მინიმუმ სატელევიზიო მაუწყებლობიდან იცის, როგორც ჩვენ ყველამ. მაგრამ მას არ უბრძანებია (საკუთარი სამხედროებისთვის - რედ.), რომ დაბრუნებულიყვნენ, რათა გამოძიებულიყო აშკარა დანაშაულები. ის დამნაშავეა,“ თქვა ნაისმა.

მან გაკვირვება გამოთქვა, რომ პროკურორები და პოლიტიკოსები „ამის ფორმულირებას უფრო თავისუფლად და ღიად“ არ ახდენენ. ნაისის ვარაუდით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პუტინმა შეიძლება მომავალშიც მიიღოს იმუნიტეტი მის წინააღმდეგ სასამართლო დევნასთან დაკავშირებით.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომლის იურისდიქციაში შედის უკრაინა, ჯერჯერობით არავითარი განცხადება არ გაუკეთებია ამ ბოროტმოქმედებებისთვის პუტინის პასუხისმგებლობის თაობაზე,“ თქვა ნაისმა. „ჩნდება კითხვა, რატომ არ ჩქარობს პროკურორი. შესაძლოა, მას მიაჩნია (ან ის აიძულეს, ასე მიაჩნდეს), რომ პუტინის წინააღმდეგ ბრალდებათა არქონა პოლიტიკურად მომგებიანია? პოლიტიკური მოგება - ეს არის დარეგულირება. სავსებით შესაძლებელია, რომ ვინმე სხვა, არა უკრაინელები, შეადგენს პოლიტიკური შეთანხმების პროექტს, რომელშიც იქნება პუნქტი, რომ პუტინის გასამართლება არ შეიძლება. ეს საშინელი პერსპექტივაა, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ უკრაინელი ხალხი მთლიანად დაკარგავს მართლმსაჯულებას“, მიაჩნია ნაისს.

მან დასძინა, რომ, მისი აზრით, სასამართლო შეიძლება დაიწყოს „თუნდაც ხვალვე“ და ის უნდა გამართონ უკრაინელებმა უკრაინულ ენაზე. ამასთან, სასამართლოზე თავად პუტინის დასწრება აუცილებელი არაა, მიაჩნია ყოფილ პროკურორს.

ნაისის მოსაზრებების საპასუხოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ მისი პროკურორი ქარიმ ხანი უკრაინაში მუშაობს, აგროვებს სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებებს და მას გადაწყვეტილი აქვს, დამნაშავეთა დაპატიმრების ორდერები გასცეს, როცა საამისოდ საკმარისი მტკიცებულებები გაჩნდება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 20 წლის წინ შეიქმნა. ის იძიებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გენოციდი, კაცობრიობის წინაშე დანაშაული, სამხედრო დანაშაულები და აგრესიასთან დაკავშირებული დანაშაულები. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე იმუნიტეტით არავინ სარგებლობს, მათ შორის - არც სახელმწიფოს მეთაურები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG