უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველოს მონაცემებით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაიწყო ჩეჩნეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრების დაქირავებაც და ამ პირთა დიდი ნაწილი პოლიტიკური მოტივით, ყალბი ბრალდებებითაა გასამართლებული.
უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ცნობით, ჩეჩნეთის №2 და №3 კოლონიებიდან უკვე „მობილიზებულია“ 50-ზე მეტი პატიმარი, ამ დაწესებულებების თანამშრომლებთან კი, მიმდინარეობს მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული ინფორმაციის გაჟონვა.
კრემლი "პუტინის მზარეულად" წოდებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. პრიგოჟინი პირადად არის ჩართული უკრაინაში საომრად პატიმართა დაქირავების პროცესშიც. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის მრავალი დანაშაულის ჩადენაში.