ირანი აცხადებს, რომ ხურავს ფრანგულ კვლევით ინსტიტუტს თეირანში, რაც, მისი თქმით, წარმოადგენს "პირველ ნაბიჯს" პასუხისა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის კარიკატურებზე, რომლებიც გამოქვეყნდა საფრანგეთში გამომავალ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოში".
სკანდალურმა ყოველკვირეულმა გამოცემამ დაბეჭდა ხამენეის - ირანში უზენაესი რელიგიური და პოლიტიკური ფიგურის - ათობით კარიკატურა, რაც იყო ნაწილი დეკემბერში გამოცხადებული კონკურსისა, რომელიც მიზნად ისახავდა ირანში თეოკრატიის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მონაწილეთა მხარდაჭერას. დემონსტრაციები მოჰყვა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილს. კარიკატურების ნაწილი ასახავდა სექსუალურ სცენებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ ხამენეი (იგი ირანში 30 წელზე მეტია ძალაუფლებაშია) და სხვა ირანელი სასულიერო პირები. ზოგიერთი კარიკატურა ეხებოდა ირანის ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე განხორციელებულ სასტიკ ზეწოლას, მათ შორის რამდენიმესთვის სიკვდილის მისჯას.
"საფრანგეთთან კულტურული კავშირების გადასინჯვისას და ირანში საფრანგეთის კულტურული ღონისძიებების გაგრძელების შესაძლებლობის ანალიზისას, სამინისტრო დგამს პირველ ნაბიჯს და წყვეტს კვლევის ფრანგული ინსტიტუტის მუშაობას ირანში", - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.