Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სისულელე ჩავიდინე“ - პიროტექნიკით დაშავებული ადამიანები 2023 წელს 


ახალი წლის ღამე ფანჯრიდან გასროლილი მაშხალის გარეშე საქართველოში უჩვეულოა. არადა, ყოველ დღესასწაულზე, პიროტექნიკის აფეთქების გამო, სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით, ათობით ადამიანი ხვდება საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულთა სტატისტიკა მცირდება, გამონაკლისი არც 2023 წელი ყოფილა.

„ხალხო, არ იყიდოთ პიროტექნიკა, ფეიერვერკები, მაშხალები, სოლისტები. ძაან ცუდი ხარისხის არის შემოსული. პალატაში 3 სული ვწევართ ერთნაირად დაზიანებული“, - წერს ფეისბუკზე შეფი გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც სატელევიზიო შოუ „სამზარეულოს ომებიდან“ იცნობს.

„ჩემ დანაშაულს ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე და მაგალითი აგერ ვარ“, - ამატებს ის.

ოფიციალური ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაშავდა, მათგან 24-ს კი საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

პიროტექნიკით დაზიანების დროს, დამწვრობის გარდა, ხშირად იხლიჩება, კანი და კანქვეშა ქსოვილი. ზიანდება სისხლძარღვები და ნერვები. ზოგჯერ საჭირო ხდება თითების ამპუტაცია. პიროტექნიკით დაზიანებულთა უმრავლესობას პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ჩარევაც სჭირდებათ.

წელს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედარებული იყო 31 წლის კაცი ბათუმში. მას მარცხენა ხელზე თითების მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა, დაუზიანდა მყესები და კუნთები, დასჭირდა ერთი თითის ნაწილობრივი ამპუტაცია.

თბილისში, დამწვრობის ცენტრში წელს ერთი პაციენტი რეანიმაციაში მოხვდა - 37 წლის კაცი, რომელიც ჯერ პიროტექნიკის აფეთქებამ დააზიანა, შემდეგ კი, ბინაში გაჩენილმა ხანძარმა.

დამწვრობის ცენტრში დეკემბრის შემდეგ, დაახლოებით, 60 პაციენტი შეიყვანეს, დიდწილად უმნიშვნელო დაზიანებებით. ცენტრის წარმომადგენლის, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, ყველაზე ხშირად პაციენტებს მარჯვენა მტევანი და სხეულის წინა მხარე აქვთ დაზიანებული, ზოგჯერ - სახე და თვალებიც.

ფეისბუკ გვერდის „ჩემი ქალაქი მკლავს“ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს მცირეწლოვანი ბავშვი კაცთან ერთად, რომელიც აივნიდან ისვრის მაშხალას. თუმცა პირველივე გასროლის შემდეგ, მაშხალა შუაზე იხლიჩება და აივანზე ფეთქდება.

ახალი წლის ღამეს თბილისის ცენტრალურ ნაძვის ხეს, რომელიც თითქმის მილიონი ლარი დაუჯდა დედაქალაქს, პარლამენტის შენობის წინ, ცეცხლი გაუჩნდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობი რჩება, ერთ-ერთი ვარაუდთ აალების მიზეზი ფეიერვერკი შეიძლება გამხდარიყო.


ახალი წლის ღამეს, მუხიანში, მაია ყუფარაძეს ბინა დაეწვა. იგი ყველა, რომ ხანძარი აივანზე შემოვარდნილი პიროტექნიკით გაჩნდა, შემდეგ კი მთელს ბინას მოედო.

პიროტექნიკით დაზიანებით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს არც ერთი ბავშვი არ მოხვდა ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში.

„მოხარული ვარ, რომ გაიზარდა მოსახლეობის თვითშეგნება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.

სადღესასწაულო აფეთქებები სტრესულია ცხოველებისთვისაც. აფეთქებების ხმის განსაკუთრებით ეშინიათ ჩლიქოსნებსა და კენგურუებს, თბილისის ზოოპარკში, ცხოველების წელსაც ანტისტრესული და დამამშვიდებელი მედიკამენტები დაალევინეს.

„რა თქმა უნდა, იყო სროლები, ცხოველები შეშინებული დარბოდნენ, მაგრამ მძიმე შემთხვევა წელს არ გვქონია“, - ამბობს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და ამატებს: „თითქოს წელს გაცილებით ნაკლები იყო პიროტექნიკის გამოყენება. მგონი, ამ მიმართვებმა მაინც იმოქმედა“.

ათობით ადამიანისა და დაშინებული ცხოველების ფონზე, საქართველოში რამდენიმე წელია განიხილავენ პიროტექნიკის გამოყენების დარეგულირების სტანდარტის შემოღებას, ან საერთოდ აკრძალვას.

2018 წელს პარლამენტმა პიროტექნიკის არასრულწლოვანებზე გაყიდვა აკრძალა. ამისთვის კანონით 100 ან 200 ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული. თუმცა ბავშვები მაინც ყიდულობენ.

2022 წელს საქართველოში 5,8 მილიონი დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოვიდა, როგორც წესი მათ გამოყენების ინსტრუქცია ან უცხო ენაზე აწერიათ, ან საერთოდ არ აქვთ.

პიროტექნიკით დაშავების ბოლო წლების სტატისტიკა ასეთია:

  • 2023 წელი – 39 დაშავებული
  • 2022 წელი – 30 დაშავებული
  • 2021 წელი – 51 დაშავებული
  • 2020 წელი – 81 დაშავებული

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 26 დეკემბერს თქვა, რომ ემხრობა პიროტექნიკის აკრძალვას და თქვა, რომ 2023-ში კანონმდებლობა შეიცვლება.

„ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით, პატარებში. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული და მომავალი წლიდან აუცილებლად მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს“, - თქვა კალაძემ.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG