Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პროკურატურა: დააკავეს პირი, რომელიც „ისლამისტურ თავდასხმას" გეგმავდა


საილუსტრაციო ფოტო: ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიელი პოლიციელები
საილუსტრაციო ფოტო: ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიელი პოლიციელები

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის გენერალური პროკურატურის თანახმად, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, კასტროპ-რაუქსელში, დააკავეს 32 წლის პირი, რომელიც, პოლიციის მონაცემებით, გეგმავდა „ისლამისტურად მოტივირებულ თავდასხმას“.

არსებული ცნობით, რომელსაც გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით Deutschlandfunk-ი ავრცელებს, პირი, რომელსაც ირანის მოქალაქეობა აქვს, ეჭვმიტანილია, რომ ამისთვის შეიძინა მომწამვლელი ნივთიერებები, ციანიდი და რიცინი.

დაკავებული ეჭვმიტანილია იმაში, რომ გეგმავდა სახელმწიფოსთვის საზიანო მძიმე დანაშაულის ჩადენას. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა როილმა განაცხადა, რომ პოლიციამ მიიღო სერიოზული საფუძვლის მქონე ინფორმაცია, რის შემდეგაც დააკავა ეჭვმიტანილი. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც.

პოლიციამ ამოიღო სამხილი, მიმდინარეობს მასალის დამატებითი ანალიზი. არ არის ცნობილი, დაგეგმილი იყო კონკრეტული თავდასხმა თუ არა.

რიცინი, ომის იარაღის კონტროლის კანონის თანახმად, მიჩნეულია ბიოლოგიურ იარაღად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG