Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი - ევროკავშირის გაფართოების ტექნიკური დეტალები


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც განსაკუთრებით მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში ელიან. ანგარიშში დაწვრილებით იქნება აღწერილი ამ სამი ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მოცემული იქნება კონკრეტული რეკომენდაციები. წლის ბოლოს ევროკავშირის წევრებმა შეიძლება უკვე მიიღონ გადაწყვეტილება, შეეძლებათ თუ არა მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება და მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. თუმცა, ამისათვის საჭიროა რომ ოცდაშვიდივე წევრმა კონსენსუსს მიაღწიონ, რაც მარტივი საქმე არ არის.

ევროკომისიამ გასულ ზაფხულს, თბილისის, კიევისა და კიშინიოვის განაცხადები საოცარი სისწრაფით განიხილა. პროცესი, რომელსაც, როგორც წესი წელიწადზე ბევრად მეტი ჭირდება, სამ თვეში ჩატარდა. ამის გამო, ევროკომისიამ ივნისში ყურადღება მხოლოდ გაწევრიანების პოლიტიკურ კრიტერიუმებზე გაამახვილა. ამ იანვარს კი გამოქვეყნდება შეფასების მეორე ნაწილი, რომელიც გაცილებით მეტად უღრმავდება ტექნიკურ დეტალებს. აქ მიმოხილული იქნება, თუ რამდენად შეესაბამება თითოეული ქვეყანა ევროკავშირის კანონმდებლობას ყველა სფეროში - მეცნიერებიდან დაწყებული გარემოს დაცვითა და საგარეო და უშიშროების პოლიტიკით დამთავრებული.

მე ვნახე ამ სამი ქვეყნის შეფასებების პირველი ვერსიები. თითოეული მათგანი 50 გვერდს აღემატება. მათში ბრიუსელი აღწერს, თუ რა აქვთ გასაკეთებელი თბილისს, კიევსა და კიშინიოვს 32 სფეროში, რომლებსაც ევროკავშირი „თავებს“ უწოდებს. თითოეული ქვეყნის პროგრესის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი სკალა: ადრეული ეტაპი; მომზადების გარკვეული დონე; საშუალოდ მომზადებული; მომზადების კარგი დონე; და კარგად განვითარებული.

სწორედ ესენია ევროკავშირის გაფართოების ტექნიკური დეტალები. ყველაზე მეტი საქმე აქ არის გასაკეთებელი მას შემდეგ, რაც ქვეყანა კანდიდატის პოლიტიკურად სიმბოლურ სტატუსს იღებს. ბევრი კანდიდატი ქვეყანა სწორედ ამ ეტაპზე „იჭედება“ - მონტენეგრომ და სერბეთმა, მაგალითად, წლების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თავის „დახურვა“ (ანუ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა) მოახერხეს.

თუ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს სურთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანება, მათ ეს დოკუმენტი კარგად უნდა წაიკითხონ. ამ ეტაპზე ენთუზიაზმი საკმარისი აღარ არის და უამრავი კონკრეტული ნაბიჯია გადასადგმელი.

სამი ქვეყნიდან ყველაზე მეტი სამუშაო ამჟამად მოლდოვასა აქვს გასაწევი - სფეროების უმეტესობა, ევროკომისიის შეფასებით, „ადრეულ ეტაპზეა“, დანარჩენი კი „მომზადების გარკვეულ დონეზე“. ევროკავშირის ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით მესაუბრა მითხრა, რომ ეს გამოწვეულია მოლდოვის წინა მთავრობების უმოქმედობით.

უკრაინაში, ევროკომისიის შეფასებით, სფეროების უმეტესობა „მომზადების გარკვეულ დონეზეა“. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საჯარო შესყიდვების კონტროლის გარემო რთული და სუსტია“, ასევე „არ არსებობს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტი.“ ევროკომისია იმასაც მოითხოვს, რომ ქვეყანამ შექმნას და მართოს ფლოტის რეესტრი და მეთევზეთა მონაცემების შეგროვების ჩარჩო.

არ არის გასაკვირი, რომ უკრაინის ძლიერ მხარედ დასახელებულია საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა - ამ პუნქტებში ქვეყანამ „მომზადების კარგი დონე“ დაიმსახურა. კიევი „საშუალოდაა მომზადებული“ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა საბაჟო, ენერგეტიკა და მედია.

ყველაზე კარგი შეფასებები, როგორც ჩანს, საქართველოს ექნება, რაც წლების განმავლობაში პროევროპული და შედარებით რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობების მუშაობის შედეგია. ბევრგან, განსაკუთრებით კი ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში მას „საშუალოდ მომზადებულად“ აფასებენ. თუმცა, საქართველო ჩამორჩება სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG