Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: პრიგოჟინი სოლედარს იყენებს ერთადერთ წარმატებულ ძალად "ვაგნერის" წარმოსაჩენად


რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი
რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“დამფინანსებელი ევგენი პრიგოჟინი ამ დაჯგუფების რეპუტაციის გასამყარებლად იყენებს ცნობებს უკრაინის ქალაქ სოლედარში "ვაგნერელების" წარმატებების შესახებ. ამის თაობაზე ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.

ბოლო დღეებში „ვაგნერელებმა“ განაცხადეს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში ტერიტორიები დაიკავეს, რაც რუსეთში ბევრმა შეაფასა იმის ნიშნად, რომ მალე „ვაგნერი“ შეძლებს ალყაში მოაქციოს ამავე ოლქის ქალაქი ბახმუტი.

9 იანვარს, ევგენი პრიგოჟინმა "ფეიკი" უწოდა მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ სოლედარის აღებაში რუსეთის რეგულარული სამხედრო ფორმირებები მონაწილეობენ და განაცხადა, რომ ქალაქს მხოლოდ "ვაგნერის" ქვედანაყოფები "იღებენ".

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინი განაგრძობს სოლედარსა და ბახმუტში „ვაგნერის“ როგორც დადასტურებული, ისე ყალბი წარმატებების გამოყენებას, რათა ეს დაჯგუფება წარმოაჩინოს უკრაინაში ერთადერთ რუსულ ძალად, რომელსაც საგრძნობი შედეგების მიღწევა შეუძლია.

უკრაინის ხელისუფლებამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ რუსეთი ძლიერ შეტევას აწარმოებს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე. ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა სამხედროებმა სოლედარში გადაჯგუფება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოსკოვმა 6-7 იანვარს, ცალმხრივად გამოაცხადა ე.წ. საშობაო ზავი.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა ყველაზე დიდი ძალისხმევა ქალაქ სოლედარისკენ მიმართეს, მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი იქნება მთელი დონბასის გათავისუფლება.

XS
SM
MD
LG