Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ემუქრებოდა უკრაინაში მებრძოლი ქართველი სტრასბურგიდან და რა მოჰყვა ყარალაშვილის განცხადებებს


ნოდარ ყარალაშვილი და ჯაბა წულაძე - კადრი ფეისბუკჩართვიდან. 5 იანვარი, 2022 წელი, სტრასბურგი.
ნოდარ ყარალაშვილი და ჯაბა წულაძე - კადრი ფეისბუკჩართვიდან. 5 იანვარი, 2022 წელი, სტრასბურგი.

"უკრაინაში მებრძოლი ქართველები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საქართველოსა და ქართველ ხალხს განადგურებით ემუქრებიან" - ბოლო დღეებში ამ შინაარსის განმარტებებით გააზიარეს დამონტაჟებული ვიდეომასალა ხელისუფლების მხარდამჭერებმა, ლოიალურად განწყობილმა ექსპერტებმა თუ მედიასაშუალებებმა.

ვიდეოში ისმის ფრაზები - „საქართველოში შემოვალ ტანკებით, აფხაზეთის მხრიდან შემოვალ... დრო მოვა გადაგივლით“, „თქვენი ღვინო ვის რა ჩემ ფეხებად უნდა, კახელებო“ და სხვა.

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფრაგმენტები დამონტაჟებულია ნოდარ ყარალაშვილისა და ჯაბა წულაძის საათნახევრიანი ერთობლივი პირდაპირი ფეისბუკჩართვიდან, რომელიც 5 იანვრით თარიღდება.

ამ ორიდან უკრაინაში მხოლოდ ერთი - ნოდარ ყარალაშვილი იბრძვის; ხოლო წულაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი - საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ არჩევნებში თავმჯდომარის პოსტზე გიორგი მუმლაძის მხარდამჭერი საათნახევრიანი ჩართვის დროს, ყარალაშვილი და წულაძე მოუწოდებენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს იაქტიურონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად და გმობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და სხვა ლიდერების პოლიტიკას.

  • რას ამბობენ სრულ ვიდეოში და რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში ყარალაშვილისა და წულაძის საათნახევრიანი ჩართვიდან ამოკრებილ ეპიზოდებს?

რა ითქვა და ვინ არის ყარალაშვილი?

როგორც თავად ამბობენ, ჩართვა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ნოდარ ყარალაშვილი, 10-დღიანი შვებულების დროს, უკრაინის ფრონტიდან სტრასბურგში ჩავიდა, იქ მცხოვრები 3 წლის უნახავი მეგობარი, ჯაბა წულაძე მოინახულა და მასთან ერთად, 4 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მიტინგს დაესწრო. ყარალაშვილი შვებულების შემდეგ, ისევ უკრაინაში, ფრონტზე აპირებს დაბრუნებას.

48 წლის ნოდარ ყარალაშვილი უკრაინულ წყაროებში 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, "КИЇВСЬКА РУСЬ"-ის მებრძოლად არის მოხსენიებული და დონბასის ფრონტზე საბრძოლო დამსახურებისთვის, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 2020 წლის დეკემბერში მან მიიღო 54-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საპატიო ჯილდო - ჯვარი.
ყარალაშვილს ფეისბუკზე მითითებული აქვს, რომ ის „პატრიოტთა ლეგიონ გალიჩინას“ ხელმძღვანელია და მას ამ სტატუსით მოიხსენიებს უკრაინული მედიაც. ოფიციალური ფეისბუკგვერდიდან ვიგებთ, რომ „გალიჩინა“ მოხალისეთა საზოგადოებრივი, არაკომერციული ორგანიზაციაა; რომლის ამოცანებს შორის არის მოზარდებთან საგანმანათლებლო მუშაობა, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზება, ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების დახმარება. ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულია ფოტოები, რომლებზეც ყარალაშვილი, სხვადასხვა გარემოში, ბავშვებთან ერთად არის ასახული, მათ შორის - დახმარების გადაცემის პროცესში.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ნოდარ ყარალაშვილი ოჯახთან ერთად ლვოვში ცხოვრობს. 10 თვის წინ ჩაწერილ ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეა.

საათნახევრიანი ჩართვის დროს ნოდარ ყარალაშვილმა რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ რუსეთისა და პუტინის ინტერესების მსახურებს - ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში - კარგი დღე არ დაადგებათ მას შემდეგ, რაც უკრაინა ომში გაიმარჯვებს.

ისედაც ემოციურმა საუბარმა კულმინაციას ბოლო 15 წუთში მიაღწია, მაყურებლებთან მწვავე დისკუსიის დროს. ტანკებით შემოსვლასა და კახურ ღვინოსთან დაკავშირებულ ეპიზოდში, რომელმაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო და ხმაური გამოიწვია, ყარალაშვილი ამბობს შემდეგს:

  • „[სააკაშვილის] მკვლელობის გასაფორმებელი მიტინგი როგორ დაუშვით?! ვიღაცა ქურდები კიდე დგახართ მანდ. რომელი ქურდები ხართ, დამენახეთ ერთი. აქ ჩამოდით. თუ გინდათ, მე ჩამოვალ, სადაც გინდათ, ოღონდ საქართველოში არა. საქართველოში შემოვალ ტანკებით; ტანკებით შემოვალ; აფხაზეთის მხრიდან შემოვალ. იმიტომ გითხარით - გადაგივლით. დრო მოვა, გადაგივლით მელიებო, პელიებო და მაგათო დამხმარებლებო. თქვენ ხართ ხელშემწყობი, მიშას ვინც კლავთ ახლა და ჩუმად ხართ და არაფერს აკეთებთ, თქვენ ხართ ტერორიზმის ხელშემწყობები. მსოფლიომ აღიარა, რომ ნომერ პირველი ტერორისტია პუტინი და მისი სახელმწიფო, რომელიც ცოტა ხანში აღარ იარესებებს.
  • რომელი მანდარინის და რომელი ვაშლის [რუსეთში] გაყიდვაზეა [ლაპარაკი]. თქვენი ღვინო ვის რა ჩემ ფეხებად უნდა, ბოლობოლო, კახელებო რაა. მეც კახელი ვარ და რა ღვინოზე გაქვთ ლაპარაკი, იტალიაში 3.5 ევრო ღირს 2.5 ლიტრი ღვინო... რუსეთში გაყიდვას აპირებენ აქა“.

ყველას თავისი რომ მოეკითხება, ამას ლაივჩართვის დროს, ჯაბა წულაძეც აღნიშნავს. „ნოდარას [ყარალაშვილის] ადგილას მეც იგივეს გეტყვით. გადაგიართ კი არა, თქვენ არ იცით, რა ძალაა გარეთ, არ იცით... შეიძლება წამებში ისე მოხდეს, რომ ვერც გაასწროთ ქვეყნიდან“, - ამბობს ის.

საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი, ჯაბა წულაძე 2021 წელს საქართველოშიც იყო ჩამოსული; ოქტომბრის დასაწყისში, რუსთავის ციხესთან გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და ემიგრანტების სახელით ხალხს მასობრივი შეკრებისკენ მოუწოდა. როგორც წულაძე ერთ-ერთ თავის პოსტში წერს, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად, ყარალაშვილთან ერთად, ჩასული იყო რომში და ბელგიის ქალაქ ლიეჟში.

ყარალაშვილისა და წულაძის კრიტიკის მთავარი სამიზნე „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე, ნიკა მელია და ის ლიდერები არიან, რომლებიც მას უჭერენ მხარს.

„დღევანდელმა "ნაციონალურმა მოძრაობამ", თქვენმა უმოქმედობამ დიქტატურა დააფუძნა საქართველოში და მილიონამდე ადამიანი გახიზნა ქვეყნიდან“, - ამბობს წულაძე 5 იანვრის ჩართვის დროს.

ნიკა მელიას მიმართ მათი მთავარი პრეტენზია უმოქმედობა და დიდი აქციების დაშლაა. წულაძისთვის მიუღებელია ყველა, ვინც აქციების დაშლას უჭერდა მხარს „მიზეზი რა აქვთ იცი?! ის გაისვრისო... გაისვრის და გაისროლოს, მოს@@ვნია პატრონი. 40 ადამიანზე მეტი დაიღუპებოდა რუსთაველზე?! 40 ადამიანზე მეტი - უკრაინაში რაც დაიღუპა ჩვენი ბიჭები... რეალურად შეხედეთ მოვლენებს, რეალურად შეაფასეთ ყველაფერი“, - ამბობს წულაძე.

10 იანვარს, წულაძე, კიდევ ერთ ფეისბუკლაივში ისევ ნიკა მელიაზე ლაპარაკობდა; ხოლო მანამდე ხალხს მოუწოდებდა გაეზიარებინათ სოციალურ ქსელებში 9 იანვარს გავრცელებული სავარაუდოდ დამონტაჟებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ნიკა მელია, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობს. პარტიაში ვარაუდობენ, რომ დამონტაჟებული ჩანაწერის გამოქვეყნების უკან მელიასთან დაპირისპირებულთა ჯგუფი დგას.

5 იანვარს, ლაივჩართვის დროს, ყარალაშვილმა და წულაძემ მოუწოდეს ემიგრანტებს - მაქსიმალურად იაქტიურონ და უცხო ქვეყნის მთავრობებს მიხეილ სააკშვილის გათავისუფლება მაქსიმალური ძალისხმევით სთხოვონ.

ისინი ენმ-ის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერენ „მებრძოლი ბიჭის“ გიორგი მუმლაძის კანდიდატურას და ემიგრანტებს მისი ფინანსური დახმარებისკენაც მოუწოდებენ, საბანკო ანგარიშის მითითებით.

უკრაინელების მისამართითაც...

რადიო თავისუფლებამ ნოდარ ყარალაშვილთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

ლეგიონ „გალიჩინასა“ თუ მის პირად ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნებულ არაერთ ვიდეოში ყარალაშვილი, ხისტი განცხადებებით, უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხსაც უპირისპირდება.

მაგალითად, აგვისტოში, უკრაინელ მინისტრებსა და დეპუტატებს ის მოღალატეებს უწოდებდა და ემუქრებოდა იმის გამო, რომ ბავშვებისთვის უხარისხო ბომბსაფარი ადგილები გამოიყო. „ბიჭებო, იქ [ასეთ ბომბსაფრებში] თავად ისხდებით, სიცოცხლის ბოლომდე, როდესაც ჩვენ აქედან ყველანი დავბრუნდებით, მეომრები... მინისტრები, დეპუტატები, რომლებიც მხოლოდ ჯიბეებს ივსებთ და ომით სარგებლობთ, ასეთ ბომბსაფარებში ისხდებით სიცოცხლის ბოლომდე. ქვეყნიდან არავინ გაგიშვებთ, დაფიქრდით ამაზე“, - ამბობს ყარალაშვილი.

ომის საწყის ეტაპზე ის მიმართავდა ასევე უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და მათ აქტიურობისკენ მოუწოდებდა. „ომი დამთავრდა თქვენთვის?! თუ მანდ არაფერს გააკეთებთ, თქვენამდეც მოვლენ... 8 წელია გეუბნებოდით, რომ ომი დაიწყება... ხიხიხი ხოხოხო - გქონდათ [იცინოდით]. საფრანგეთში ხართ თუ ამერიკაში, გამოდით მანდ და გააპროტესტეთ აქ რაც ხდება“, - ემოციურად მიმართავს ის უკრაინელ ლტოლვილებს.

ამავე ვიდეოში ყარალაშვილი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ უკრაინა ჯერ ისევ საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვის და არა რუსეთის ტერიტორიაზე.

ყარალაშვილი 2016 წელს ლვოვში გაშლილ კარავში, რუსეთში დაკავებული ყოფილი სამხედროს, შემდეგ უკვე - პოლიტიკოსის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად შიმშილობდა. სავჩენკოს მაშინ თავად ჰქონდა გამოცხადებული შიმშილობა. ყარალაშვილი უკრაინელებს უმოქმედობის გამო აკრიტიკებდა. უკრაინის მედიის ცნობით, მოშიმშილე ქართველს კარავში ჰქონდა გაკრული პლაკატი წარწერით - „უკრაინა, აღსდექი, შენი შვილი ტყვეობაშია“.

გამოხმაურებები, განზოგადება

თქვენთვის სასარგებლოა თუ გაზიანებთ ასეთი მხარდაჭერა? - ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე, რომლის არჩევასაც ყარალაშვილი და წულაძე აქტიურად უჭერენ მხარს, რადიო თავისუფლებას პასუხობს, რომ ყარალაშვილს და წულაძეს მხოლოდ დისტანციურად იცნობს, მათი ლაივიც დაგვიანებით ნახა და შეუძლებელი ჰგონია „ათასობით მხარდამჭერის მოსაზრებების გაფილტვრა“.

ტანკებით შემოსვლის იდეას მუმლაზე აბსურდულს და მიუღებელს უწოდებს.

„როგორ შემოვა აბა [ტანკებით აფხაზეთიდან] ან რატომ უნდა შემოვდეს?! არ მესმის... ნებისმიერი მსგავსი აბსურდული რამ მიუღებელია. მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილი მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ბუნებრივია, უნდა დაისაჯოს და თუკი დადგება მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი, ამან ავტომატურად უნდა გამოიწვიოს არსებული რუსული რეჟიმის შეცვლა, მათ შორის - ქუჩის პროტესტით. მის სიკვდილს არ შევარჩენთ და თან ეს იქნება საქართველოს ევროპული მომავლის დასამარება“, - გვეუბნება მუმლაძე.

ყარალაშვილი და წულაძე, ფეისბუკჩართვის დროს, მუმლაძის საარჩევნო კამპანიისთვის თანხის შეგროვების მოწოდებით გამოვიდნენ და ფეისბუკპოსტზე ანგარიშის აქვთ მითითებული.

მუმლაძე განმარტავს, რომ: „ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენი მხარდაჭერა, რომ წამოწყებული პროტესტი გაგრძელდეს, ვიმოძრაოთ, შევხვდეთ მხარდამჭერებს - ვიყავით მაგალითად ჭორვილაში, აბასთუმანში. დახმარება ჩვენვე ვთხოვეთ ადამიანებს და ანგარიშიც გამოვაქვეყნეთ ყველა მსურველისთვის“.

დამონტაჟებული ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ, ყარალაშვილს სოციალურ ქსელებში ბევრი მომხმარებელი უცენზურო კომენტარებს უწერს და მას ემუქრებიან კიდეც. გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ ასეთი განცხადებებით ის ოპოზიციას აზიანებს და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ამყარებს. პროსახელისუფლებო კომენტარებით, ერთი მებრძოლის განცხადებები, ერთის მხრივ - უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე განზოგადდა, ხოლო, მეორე მხრივ - "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის ყველა მხარდამჭერზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენგან მუდმივად ისმის მშვიდობის ნოტები, მოწოდებები მშვიდობისაკენ, იქიდან მუდმივად ისმის მოწოდებები დარბევისკენ, დამხობისკენ, ტანკებით გადავლისა და სიკვდილისკენ“ და „ხალხმა მარტივად უნდა შეადაროს ეს ორი რამ და შორს მიმავალი დასკვნები გააკეთოს“.

„განსაკუთრებული არაფერია. „ნაციონალური მოძრაობის“ კუდი არ გასწორდება - გინდა ეს ყოფილი თანამდებობის პირები იყვნენ, დაქირავებული მებრძოლები“, - ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის სიტყვებია - „ფაქტი არის ერთი, მათი მხარდაჭერა იმდენად არის განულებული, რომ მხოლოდდამხოლოდ არეულობაში და სისხლისღვრაში ხედავენ გამოსავალს, რაც, რასაკვირველია, არ გამოუვათ, მაგრამ მე კიდევ ერთ ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას - ნებისმიერი ასეთი, მოღალატეობრივი და მავნებლური განცხადება როგორ სიხარულს ჰგვრის ხოლმე აქ ნაციონალური მძრაობის ლიდერებსა და წევრებს, რითაც კიდევ ერთხელ საკუთარ ბუნებას ამჟღავნებენ“.

„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, საქართველოს და ქართველ ხალხს განადგურებით ემუქრებიან“, - ამ სიტყვებით დაიწყო ყარალაშვილ-წულაძის ვიდეოს წარდგენა ტელეკომპანია „იმედმა“. შემდეგ, ჟურნალისტმა თქვა, რომ: "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და მხარდამჭერები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ტრადიციებსაც ეხებიან და სიძულვილით და მუქარით სავსე ვიდეომიმართვაში, ქართულ ღვინოსა და კახელებს აყენებენ შეურაცხყოფას".

„განზოგადებით ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა რუსული პროპაგანდით არის ნასაზრდოები. ერთი მებრძოლის ნათქვამი ყველას მიაწერეს. "ქართული ოცნების" ხელწერაა, რომ ჩირქი მოსცხოს იმ მებრძოლ ხალხს, რომლებიც სიცოცხლის ფასად იბრძვიან უკრაინაში“, - გვეუბნება გიორგი მუმლაძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომაროების კანდიდატი, 28-29 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში, სადაც ის კიდევ სამ კანდიდატს - ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, ნონა მამულაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდება.

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით, „თუკი ქართული ოცნება სერიოზულად ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აორგანიზებს ტანკებით შემოსვლას აფხაზეთის მხრიდან, უკვე უკიდურეს ფორმებს იძენს ეს ყველაფერი". დოლიძე განმარტავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი კავშირი არა აქვს მსგავსი ტიპის განცხადებებთან და მსგავსი ტიპის მოქმედებებთან" და ეს ამბავიც „პაკრიშკების რევოლუციის" მსგავს "პოლიტიკურ კურიოზებს“ მიემატება.

ნოდარ ყარალაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს, ნადიმ ხმალაძესაც მიმართა. მისი ფოტო POSTV-ის სიუჟეტშიც იყო ნაჩვენები. ხმალაძემ ტექსტური შეტყობინება უპასუხოდ დატოვა, თუმცა მოგვიანებით ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის, ყარალაშვილის ხსენების გარეშე, მის სიტყვებს „უმართებულო, ინდივიდუალური, ემოციური ძალისხმევით ნათქვამს“ უწოდებს და ასევე საკითხის განზოგადების პრობლემაზეც წერს.

„მეგობრებო, ჩვენ აქ იმისათვის ვიბრძვით, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად (37 ქართველი მეომარი დაიღუპა) ვეხმარებით უპირველეს ყოვლისა ჩვენნაირი ბედის მქონე სტრატეგიულ პარტნიორს - უკრაინას, მის სამართლიან ბრძოლაში, და რაც მთავარია ვეხმარებით საქართველოს მისი შესაძლებლობების უფრო ფართო წარმოჩენაში.
ერთად დავდგეთ ჩემო საქართველო, ქართველო ხალხო, ამისტო და იმისტო, ესაა საქართველოს გადარჩენის და გამთლიანების გზა. თუ არა და მაშინ ნუღა შეგაშინებთ ერთი კაცის წაქცეული სიტყვა, რუსეთი კი ნამდვილად გადაგვივლის“. - წერს ნადიმ ხმალაძე.

POSTV-ის სიუჟეტი საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაზიარებული აქვს თავად ნოდარ ყარალაშვილს ჰეშტეგით - #Savemisha. ამ სიუჟეტში ნათქვამია ასევე, რომ ყარალაშვილი „2010 წელს თაღლითობისთვის გასამართლდა"; „ხოლო შეწყალების აქტის საფუძველზე, 3 წელში ციხეც დატოვა და საკუთარი ქვეყანაც“. ღია წყაროებით ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქე, იგივე სახელითა და გვარით - ნოდარ ყარალაშვილი - 2009 წელს უკრაინაში დააკავეს; გათავისუფლების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG