Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა არსებულ პირობებში არ ჩანს


დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა არ არსებობს, სანამ უკრაინის კანონი რუსეთის ფედერაციასთან დიალოგს კრძალავს და სანამ დასავლეთი კიევს ამ საკითხში მოქნილობის უფლებას არ აძლევს, უთხრა მედიას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„იმ პირობებში, როდესაც უკრაინის კანონი უკრაინის პრეზიდენტს ჩვენთან რაიმე კონტაქტს ან დიალოგის წარმოებას უკრძალავს და იმ პირობებში, როდესაც დასავლელები აშკარად არ არიან მიდრეკილნი, რომ ამ საკითხში კიევის რაიმე მოქნილობა დაუშვან, ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად არსებობს რაიმე პერსპექტივა“, - ასე გამოეხმაურა პესკოვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოხატავს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ „რუსეთი ყოველთვის მზად იყო პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“ და „რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს, არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენ ამ მზაობას ვინარჩუნებთ“. პესკოვის თქმით, მიზნების მიღწევა მშვიდობიანი, პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით „უპირატესი ვარიანტია“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ განაცხადა, რომ ანკარა ემხრობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გეგმას მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. 22 დეკემბერს გამოცემა The Wall Street Journal-მა ამერიკელ და ევროპელ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ კიევი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმის დეტალებს ამუშავებს, რომელიც, შესაძლოა, 2023 წლის თებერვალში წარმოადგინოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტის დროს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან კონფლიქტის მოგვარების წინადადებები განიხილა და აღნიშნა, რომ ბაიდენი მხარს უჭერს კიევის იდეას „მშვიდობის გლობალური სამიტის“ ჩატარებაზე ამ საკითხების განსახილველად.

უკრაინის პრეზიდენტმა "მშვიდობის გლობალური სამიტის" მოწვევის ინიციატივა პირველად 12 დეკემბერს გამოთქვა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარში.

თუმცა მანამდე, 15 ნოემბერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის 10-პუნქტიანი "მშვიდობის ფორმულა" წარუდგინა "დიდი ოცეულის"(G20) ლიდერთა სამიტს, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩატარდა.

უკრაინის წინადადებებია:

  • რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება;
  • გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა;
  • უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა;
  • სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია.

უკრაინის პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც კრემლს ძალების აღდგენის, შეთანხმების მალევე დარღვევის, ტერორის და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერიის დაწყების შესაძლებლობას მისცემს.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ახალი რეალობა, რომლის თანახმადაც, უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონს რუსეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG