Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანია „რუსთავის 2-ის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს არაავთენტიკურს უწოდებს


გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა
გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედა გიული ალასანია არ ადასტურებს ტელეკომპანია "რუსთავის 2-ის" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას და ამბობს, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა.

გიული ალასანია გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ჟურნალისტის კითხვის პასუხად გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედთან", სადაც შვილის მოსანახულებლად იყო მისული.

რა უნდა მახსოვდეს, როცა ასეთი ფაქტი არ ყოფილა საერთოდ. არ მაინტერესებს საერთოდ ეგ საკითხი, იმიტომ რომ გამორიცხულია. მე რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან, თურმე, ნუ იტყვი და ლამის აგენტები ვართ რუსეთის მე და ჩემი შვილი? უკაცრავად, იმიტომ ზის ის აქ და იმიტომ შემოვარდნენ 2008 წელს და იმიტომ იმუქრებოდა პუტინი, რომ ერთი ადგილით დაკიდებს?.. მე ახლა მაქვს სრულიად სხვა აქტუალური საკითხები. არ ვადასტურებ არანაირად. ეს, მე როგორც მითხრეს, ორი წლის წინ მოხდა, არა? ახლა რატომ გაახსენდათ? იმიტომ რომ ახლა პროცესები მიდის? რომ ავნონ ჩემს შვილს?“, - თქვა გიული ალასანიამ.

მანვე აღნიშნა, რომ საერთოდ არ ახსოვს, ვინ არის გიორგი გახარია.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობაც არ არის დადასტურებული. "რუსთავი 2-ის" თანახმად, აუდიომასალა, რომელშიც „მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილის დედაა“, 11 იანვარს "ექსკლუზიურად მოაწოდეს".

„ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით, ფრაზები, რომელიც მასალაში ისმის, გიული ალასანიას ეკუთვნის. სააკაშვილის დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორი - ციტატა: "მთავარი ის არის, რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში" - ამბობს ალასანია, რომელსაც შიში აქვს და არ იცის, რა დახვდება მის შვილს საქართველოში. და კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც თავდაყირა აყენებს მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ საკუთარ პროდასავლურ ბიოგრაფიას - "არ ვიცი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ." რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი წყვეტდა ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებას. ჩანაწერი გაკეთებულია ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამდე. წუთ-ნახევრიან სკანდალურ მასალაში, დიდი ალბათობით, გიული ალასანია ასევე საუბრობს ოპოზიციაზე, რომელსაც ბუნებით პარაზიტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ. ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს, ახსენებს ივანიშვილს, რომელიც რუსებს არ უნდათ და საუბრობს ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე, რომელსაც მასალებს რუსები აწვდიან. აუდიომასალაში, რომელიც არ არის უწყვეტი, არ ჩანს, ვის ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის დედა. თუმცა ჩანს მთავარი: რუსული ხელი და რუსეთის ფაქტორი იმ მოვლენებში, რაც ქართულ პოლიტიკაში ბოლო წელიწად-ნახევარია ხდება“, - თქვეს "რუსთავი 2-ის" წამყვანებმა.

"რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეაგირებაზე შეკითხვით რადიო თავისუფლებამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

XS
SM
MD
LG