Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რუსიტაშვილი: სოლედარის 70 პროცენტს ვეღარ ვაკონტროლებთ


სერჟანტი გიორგი რუსიტაშვილი
სერჟანტი გიორგი რუსიტაშვილი

ვითარება კვლავ ძალიან რთულია დონეცკის პატარა ქალაქ სოლედარში, რომლის საკმაოდ დიდ ნაწილს, სხვადასხვა წყაროს თანახმად, რუსი სამხედროები 11 იანვრიდან აკონტროლებენ. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან საუბარში 13 იანვარს დაადასტურა ქართველმა სერჟანტმა გიორგი რუსიტაშვილმა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.


სერჟანტი გიორგი რუსიტაშვილი 2009 წლიდან 2016 წლამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2016 წელს ჩავიდა უკრაინაში და მას შემდეგ იბრძვის უკრაინის დამცველთა რიგებში. დონეცკის ქალაქ ვალნავახაში ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს, იგი დაიჭრა. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენით „გმირობისა და მამაცობისთვის“.

ობა ლიკლიკაძე: გიორგი, თუ შეიძლება გვითხარი, რა ხდება სოლედარში, ამ პატარა ქალაქში, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. რა ვითარებაა იქ? ვინ აკონტროლებს ამ ქალაქს?

გიორგი რუსიტაშვილი: რუსეთის ფედერაცია უკვე 5 თვის განმავლობაში ვერ შემოდის ბახმუტის ტერიტორიაზე, ქალაქის აღება უნდათ და არ შეუძლიათ და [რუსეთი] აპირებს ახლა [ქალაქის] მარჯვენა და მარცხენა მხარეს, იქნებ, რამენაირად წარმატებით განახორციელოს კონტრშეტევა, აიღოს და ბახმუტი ალყაში მოაქციოს. რაც შეეხება სოლედარს, ამჟამად უკვე 70 პროცენტს სოლედარისას ვეღარ ვაკონტროლებთ. მიმდინარეობს ძალიან ძლიერი ბრძოლები და ასე რომ ვთქვათ, ათასობით რუსი სამხედროა დაღუპული ამ ორი-სამი დღის განმავლობაში

კობა ლიკლიკაძე: გიორგი, მე ვიცი, რომ ბევრი ქართველი, რომელიც უკრაინას იცავს შარშანდელი თებერვლიდან მოყოლებული, ამჟამად იმყოფება როგორც სოლედარში, ისე ბახმუტში. თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია იცით მათზე და თუ შეგიძლიათ გვითხარით, როგორ იბრძვიან ისინი? რას გიყვებიან, როცა უკავშირდებით? მე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენი ძმაც იმყოფება ერთ-ერთ ცხელ წერტილში.

გიორგი რუსიტაშვილი: ქართველები ყველგან ცხელ წერტილში იმყოფებიან როგორც სოლედარის მიმართულებით, ისე ბახმუტში, კრემენოიში. და სადაც ცხელი წერტილია, ქართველები ყველგან იბრძვიან წარმატებით და, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არიან უკრაინის მოქალაქეებიც.

კობა ლიკლიკაძე: და თქვენი ძმაც მოვიკითხოთ, გიორგი, როგორ არის ის? რას შვება?

გიორგი რუსიტაშვილი: ჩემი ძმაც კარგად არის. ჩემს ძმასაც, რა ვიცი, ცოტა მაგასაც პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ. ნუ, წლების განმავლობაში რომ ბრძოლაში ხარ ჩართული, ნელ-ნელა ჯანმრთელობასაც კარგავ ადამიანი...

კობა ლიკლიკაძე: რა არის მოტივაცია ასეთ დროს, გიორგი? მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და უკვე ამდენი ხანი იბრძვით უკრაინისთვის.

გიორგი რუსიტაშვილი: დიახ, ეს არ არის თვეები, ბევრი წლებია გასული უკვე. მოტივაცია არის ის, რომ რუსებს ვებრძვით და ამით უფრო მოტივაციაზე მოვდივართ - რომ ვხედავთ, რომ რუსეთს ვანადგურებთ და რუსეთს ვასუსტებთ, ამით მოტივაცია უფრო გვემატება.

კობა ლიკლიკაძე: გიორგი, თქვენ ბრძანეთ, რომ სოლედარის, ამ პატარა ქალაქის 70%-ი დაკარგეს უკრაინის დამცველებმა, რამდენიმე საერთაშორისო სანდო წყარო, როგორიცაა, მაგალითად, ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც, ლაპარაკობს ამაზე…მაგრამ, დავუშვათ, ასეთი რამეც რომ მოხდეს, შემდეგ იხსნება გზა ბახმუტზე?

გიორგი რუსიტაშვილი: ნუ, ეს გზა ამათმა [რუსებმა] რომც აიღონ, შანსები მაინც არ აქვთ, რომ ბახმუტში შემოვიდნენ, იმიტომ რომ იქ ნადგურდებიან. წარმატებით იმიტომ ჩაატარა მოწინააღმდეგემ ოპერაცია [სოლედარში], რომ დიდი ძალები შემოიყვანეს. როგორ გითხრათ... ჩვენ რომ ვართ 5, ისინი არიან 100 კაცი. მაგრამ ძალიან ბევრი თავიანთი ხალხი დაკარგეს, ათასობით ადამიანი არის ამ პატარა ქალაქში განადგურებული. და [რუსეთს] დიდი დანაკარგი აქვს.

კობა ლიკლიკაძე: რაც შეეხება უკრაინის მხრიდან დანაკარგებს, გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია ის?

გიორგი რუსიტაშვილი: უკრაინაში ჩვენი მხრიდან დანაკარგები დიდი არ არის. უფრო დაჭრილები არიან ბიჭები მცირე რაოდენობით და დიდი დანაკარგი არაფერი არ არის. მოწინააღმდეგის ჯარისკაცები არიან სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს სამოქალაქო სექტორში არიან, მაგრამ ყველანაირ ინფორმაციას ვფლობთ და, ასე რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგე ნადგურდება და განადგურდება ბოლომდე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან სოლედარის 70%-ს აკონტროლებენ, [რუსებმა] წარმატებას მიაღწიეს. მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს...

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG