Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა, რადის დეპუტატები მის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ


ფოტო არქივიდან. ოლექსი არესტოვიჩი
ფოტო არქივიდან. ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა „სერიოზული შეცდომა“ უწოდა თავის განცხადებას, რომ რუსული რაკეტა, რომელიც 14 იანვარს ქალაქ დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. არესტოვიჩმა ბოდიში მოუხადა დაღუპულთა ნათესავებს, დნეპრის მცხოვრებთ და ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, ვისაც აწყენინა.

16 იანვარს ღამით, რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის Youtube არხის პირდაპირ ეთერში არესტოვიჩმა თქვა, რომ მისი განცხადებით გამოწვეული „ორგანიზებული კამპანია“ ნებსით თუ უნებლიეთ აიტაცეს ომით და დნეპრში მომხდარი დანაშაულით ტრავმირებულმა ადამიანებმა. არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაცია განახორციელა უკრაინის ოპოზიციამ რუსებთან ერთად.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატ, ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრ ოლექსი ჰონჩარენკოს ინფორმაციით, ხელმოწერებს აგროვებენ მოთხოვნით, რომ ოლექსი არესტოვიჩი პრეზიდენტის ოფისიდან დაითხოვონ. ჰონჩარენკოს თანახმად, სადეპუტატო მიმართვა გაეგზავნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც, რადგან არესტოვიჩის ქმედება სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს შეესაბამება.

14 იანვარს, უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

16 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების სამიზნეა არა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, არამედ აშკარა ან შენიღბული სამხედრო ობიექტები და ყველამ ნახა უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის დასკვნაც, რომ დნეპრში ტრაგედია გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის საპასუხო რაკეტის ქმედებამ.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრზე იერიში განხორციელდა რუსული ფრთოსანი რაკეტებით Х-22, რომელთა მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG