Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე


ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ადგილი ერგნეთში. 17 იანვარი, 2023 წელი
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ადგილი ერგნეთში. 17 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის, განცხადებით, წუხელ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ. ცენტრალურმა ხელისუფლებამ იცის დაკავებულის ვინაობა, სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"გუშინ გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი, გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე, გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი, უმჯობესია დავადგინოთ ყველა დეტალი, მისი ადგილსამყოფელი და შემდგომ გაგიზიარებთ ყველა დეტალს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან კომენტარში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 110-ე შეხვედრის დაწყების წინ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე.

ირაკლი ანთაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი - გასულ წელს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69 შემთხვევა აღირიცხა.

ასევე გასული წლის აგვისტოდან, ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე პერიოდში ფუნქციონირებდა ე.წ. გადასასვლელები, რომელთა მეშვეობითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება ჰქონდათ. ირაკლი ანთაძის განცხადებით, დაინტერესდებიან, ეს პრაქტიკა გაგრძელდება თუ არა, დააყენებენ ე.წ. გადასასვლელების ფუნქციონირების დროის გახანგრძლივების საკითხს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 109-ე შეხვედრა 10 ნოემბერს შედგა.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დღევანდელ შეხვედრაზე (EUMM) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტიბორ კოზმა წარმოადგენს, მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

XS
SM
MD
LG