Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ის გადაცემას აპირებს


საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ები (საილუსტრაციო ფოტო)
საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ები (საილუსტრაციო ფოტო)

ნიდერლანდს უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ების გადაცემა აქვს გადაწყვეტილი. ამის შესახებ 17 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ.

„გადაწყვეტილი გვაქვს, მივუერთდეთ გერმანიისა და აშშ-ის ინიციატივას და უკრაინას Patriot-ები გავუგზავნოთ,“ მოჰყავს რიუტეს სიტყვები გამოცემა De Telegraaf-ს. დეტალების შესახებ - რამდენ დანადგარს და როდის მიიღებს უკრაინა - რიუტეს არ ულაპარაკია.

ნიდერლანდის პრემიერმა ასევე გაიმეორა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად 2,5 მილიარდი ევროს დახარჯვა გადაწყვიტა.

შეერთებულმა შტატებმა დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ სამხედრო დახმარების მომდევნო პაკეტის ფარგლებში უკრაინას Patriot-ებს გადასცემს.

აშშ-ის მსგავსად გერმანიაც მიაწვდის უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ის დამატებით ბატარეას. ამის შესახებ იანვრის დამდეგს გახდა ცნობილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ს ძალუძს მცირე რადიუსის მოქმედების ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება. უკრაინის სამხედროებს რამდენიმე თვეში ასწავლიან ამ სისტემებით მუშაობას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიისთვის აშშ-ის სარაკეტო კომპლექს Patriot-ის მიწოდება ომის გაჭიანურებას გამოიწვევს. ამავე დროს მან თქვა, რომ ეს სისტემები მოძველებულია და მათი განადგურებით დაიმუქრა.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG