Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას უგზავნის კიდევ 2.5 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკას


საილუსტრაციო ფოტო. ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი Stryker

უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 2.5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას. პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინას გადაეცემა 90 ჯავშანტრანსპორტიორი Stryker, 59 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley 590 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით, საჰაერო თავდაცვის 8 სისტემა Avenger, დამატებითი საბრძოლო მასალები სარაკეტო სისტემებისთვის NASAMS და HIMARS, 2000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, სხვადასხვა კალიბრის ათეულობით ათასი ჭურვი და სხვა საბრძოლო და დამხმარე საშუალებები.

დახმარების ახალ პაკეტში არ არის შორ მანძილზე მოქმედების სარაკეტო კომპლექსები(ATACMS) და ტანკები Abrams, რომლებსაც უკრაინა განსაკუთრებით ითხოვს.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 იანვრამდე აშშ-მა უკრაინას გაუწია 26.7 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.

დღეს, 20 იანვარს, გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად, შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ამ ჯგუფში 50-ზე მეტი ქვეყანაა. სხდომაზე, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს, განიხილება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო ტექნიკის, მათ შორის გერმანული წარმოების ტანკების, Leopard 2-ის გადაცემის საკითხი.

სხდომამდე ერთი დღით ადრე, ლოიდ ოსტინი შეხვდა გერმანიის თავდაცვის ახალ მინისტრს, ბორის პისტორიუსს. გერმანია ბოლო დრომდე უარს ამბობდა უკრაინისთვის ტანკების, Leopard 2-ის მიწოდებაზე და ნებართვას არ აძლევდა არც სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ეს გერმანული ტანკები აქვთ. შეიცვალა თუ არა გერმანიის პოზიცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG