Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი: დადგა დრო, დაიცვათ უკრაინა და მისი თავისუფლება


„უკრაინას თქვენგან სჭირდება მეტი მძიმე ტექნიკა და შეიარაღება, რათა წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას. დადგა დრო, რომ დაიცვათ უკრაინა და მისი თავისუფლება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაწყებული საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის მონაწილეებისადმი თავის ვიდეომიმართვაში.

შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილ ამ ჯგუფში 50-ზე მეტი ქვეყანა შედის. 20 იანვრის სხდომაზე, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს, განიხილება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო ტექნიკის, მათ შორის გერმანული წარმოების ტანკების, Leopard 2-ის გადაცემის საკითხი.

შეხვედრის გახსნისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დადგა "გარდატეხის მომენტი" და მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, აშშ-მ დაასრულა მუშაობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე. უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 2.5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას. პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინას გადაეცემა 90 ჯავშანტრანსპორტიორი Stryker, 59 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley 590 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით, საჰაერო თავდაცვის 8 სისტემა Avenger, დამატებითი საბრძოლო მასალები სარაკეტო სისტემებისთვის NASAMS და HIMARS, 2000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, სხვადასხვა კალიბრის ათეულობით ათასი ჭურვი და სხვა საბრძოლო და დამხმარე საშუალებები.

დახმარების ახალ პაკეტში არ არის შორ მანძილზე მოქმედების სარაკეტო კომპლექსები(ATACMS) და ტანკები Abrams, რომლებსაც უკრაინა განსაკუთრებით ითხოვს.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრის წინა დღით ევროპის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს "ტალინის დეკლარაციას", რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ შემდგომი სამხედრო დახმარება გაუწიონ რუსეთის წინააღმდეგ მეომარ უკრაინის არმიას.

XS
SM
MD
LG