Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრილოვი: აუცილებელია სრულად აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან


სერგეი გავრილოვი
სერგეი გავრილოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა NEWS.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას.

„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ომთან დაკავშირებით საქართველოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია არა მხოლოდ ავიაფრენების, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად განახლება. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას“, -აღნიშნა გავრილოვმა.

გავრილოვის სიტყვებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვას და ტურიზმის განვითარებას.

უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტრანსპორტირებას განახორციელებენ“, - თქვა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ იმედოვნებდა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების მალე განახლებას. მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობა 2022 წლის განმავლობაში აქტიურად ვითარდებოდა და საქართველოში მშპ-ს 10%-იანი ზრდა სწორედ ტურიზმსა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას უკავშირდება.

19 იანვარს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთში საქართველოს მილიონი მოქალაქე ცხოვრობს ექსპერტთა და ანალიტიკოსთა ნაწილი მითად მიიჩნევს, რუსეთის მოსახლეობის აღწერის (2020-21 წლები) მიხედვით, ქვეყანაში 112 765 ქართველი (ეთნიკური წარმომავლობის მითითებით) ცხოვრობს. 2010 წელს რუსეთში 157 803 ქართველი ცხოვრობდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, ფრენების აღდგენა რაციონალურად ცუდი არ იქნება. "თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს გაურკვეველი მგონია", - ამბობს სარჯველაძე.

19 იანვარს უკრაინის საგარეო სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო გამოეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და თქვა, რომ "თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2021 წლის აგვისტოში ამბობდა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნებოდა."წითელი ხაზები არსებობს, საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე", - თქვა კობახიძემ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა.

პირდაპირი ავიამიმოსვლა კი საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და საპროტესტო აქცია გამოიწვია პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG