Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სროლის ხმა გავიგე და დავინახე, პოლიციელი გადავარდა" - საგარეჯოში დაჭრილი კაცი


საგარეჯო, შემთხვევის ადგილი
საგარეჯო, შემთხვევის ადგილი

საგარეჯოში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ვალერი მათიაშვილი ამბობს, რომ წუხელ მის ეზოში მოვლენები რამდენიმე წუთში განვითარდა - მაღაზიიდან გამოსვლის დროს ეზოში ხმაური გაიგო, "10-მდე ადამიანი მორბოდა სხვადასხვა მხრიდან და ყვიროდნენ, რომ ისროდნენ". მათიაშვილთან ინტერვიუ საგარეჯოს კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" პალატიდან ვიდეოზარით ჩაწერა ტელეკომპანია "ფორმულამ".

"მაღაზიაში ჩავედი, ხმაური იყო გარეთ. ბევრი ხალხი მოგროვდა უცებ. ყვიროდნენ, "დაწექით, დაწექითო" და რაც მოვასწარი, ის იყო, რომ გარეთ ვიყავი გამოსული და შიგნით შევბრუნდი. შესასვლელში რომ შევედი, კარებშივე მესროლა და მომხვდა ბარძაყის ნაწილში...

პირველ რიგში, რაც მოვიფიქრე, ის იყო, რომ შიგნით გოგონები იყვნენ, ისინი უნდა გამემხნევებინა და თან უსაფრთხო თავშესაფარი უნდა მომეძებნა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი ვერაფრის თქმა, ეგრევე უკნიდან მომაყოლა", - ამბობს ახალგაზრდა კაცი.

მისივე თქმით, დაინახა, როგორ წაიქცა მის თვალწინ შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პოლიციელი, რომელსაც ტყვია მოხვდა.

"მერე პოლიცია მოვიდა. პოლიცია მოვიდა თუ არა, ესროლა და მოხდა ტრაგედია, ადამიანი დაიღუპა. ადგილზევე დაიღუპა, როგორც ვიცი. მახსოვს, პოლიცია მოვიდა, გასროლის ხმა იყო და გადავარდა ადამიანი..."

ვალერი მათიაშვილი ამბობს, რომ საავადმყოფოში ის მეგობარმა მიიყვანა მანქანით:

"იქ რომ სასწრაფო მოსულიყო, იმათაც ცეცხლს გაუხსნიდა. სასწრაფოში დარეკილი ზარი გავთიშე, იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა. იქ რომ მოგვეყვანა, მსხვერპლად იყო შეწირული ადამიანი. გავუთიშე ტელეფონი, ვიპოვეთ უკანა გასასვლელი... სამი ადამიანი დაგვჭრა მაღაზიაში - ერთი ქალბატონი, გოგონა და მე. სამივე იმ მანქანით გიორგიმ [მეგობარმა] გადმოგვიყვანა".

წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილი ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG