დენის კირეევი, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მონაწილე, რომელიც კიევში მოკლეს მარტის დამდეგს, უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბის შეჭრის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გურ) შტატიანი თანამშრომელი იყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა გურ-ის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა და დაადასტურა მანამდე მედიაში გაჩენილი ცნობები.
ბუდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ კირეევი მარტის დამდეგ მოკლეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (სბუ) თანამშრომლებმა. გურ-ის ხელმძღვანელი კატეგორიულად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კირეევი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა.
რამდენიმე დღის წინ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კირეევი იყო პირველი ადამიანი, ვინც გააფრთხილა უკრაინა 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის გეგმის დეტალებზე. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სწორედ ამ ინფორმაციის წყალობით მოახერხეს სამხედროებმა კიევის დაცვისთვის მომზადება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, განაცხადა, რომ კირეევი მარტის დამდეგს მოკლეს გურ-ისა და სბუ-ს თანამშრომელთა შორის ცუდი კოორდინაციის გამო. სბუ-ს თანამშრომლებს კირეევი მართლა მიაჩნდათ რუსეთის აგენტად, რაც, როგორც პოდოლიაკმა დაადასტურა, ის არ ყოფილა.
ბუდანოვის თქმით, ბანკირი დენის კირეევი მინიმუმ 2009 წლიდან თანამშრომლობდა გურ-სთან.
გურ-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ კირეევი სბუ-ს თანამშრომლებმა ამ სპეცსამსახურის ავტომობილში მოკლეს მას შემდეგ, რაც ის კიევში დააკავეს. ბუდანოვის თქმით, მან იცის იმათი ვინაობა, ვინც კირეევი მოკლა. მან ასევე თქვა, რომ კირეევი სბუ-ს სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა მაშინ, როცა ის ამ სპეცსამსახურის შტაბ-ბინაში მიემგზავრებოდა. დაკავების შემდეგ რამდენიმე ხანში ის მოკლეს. გამოძიების გასაიდუმლოებული ხასიათის გამო სხვა დეტალები გურ-ის ხელმძღვანელს არ უხსენებია.
ბუდანოვის თქმით, ის კირეევის სიკვდილის შესახებ ესაუბრა სბუ-ს ხელმძღვანელს, ივან ბაკონოვს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერაფრის გარკვევა ვერ შეძლო.
გურ-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კირეევის მკვლელობის უკან შესაძლოა იდგნენ ადამიანები, რომლებსაც არ სურდათ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მისი მონაწილეობა ბელარუსში. ბუდანოვის თქმით, მან კირეევი პირადად გაგზავნა მოლაპარაკებებზე დავალებით, „გაეწელა პროცესი დროის მოსაგებად“. როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვის უწყების დირექტორი ამბობს, კირეევი პირადად იცნობდა რუსული დელეგაციის ორ წევრს. ბუდანოვს მიაჩნია, რომ კირეევი მოკლეს იმათ, ვისაც არ სურდა, რომ უკრაინის სამხედროებს დრო ჰქონოდათ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად მომზადებისთვის. „იყვნენ გარკვეული რაოდენობის ადამიანები, რომლებსაც არ სურდათ, რომ უკრაინას გაემარჯვა“, - თქვა ბუდანოვმა. იყვნენ თუ არა ეს ადამიანები სბუ-სთან ან ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოებთან დაკავშირებული, მას არ უთქვამს. ბუდანოვმა აღნიშნა, რომ საქმე ეხება მის მოსაზრებას და არა გამოძიების დასკვნებს.
2022 წლის 13 თებერვალს უკრაინის ტელევიზიამ გამოაქვეყნა გამოძიების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კირეევი თითქოს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფსბ) ოპერატიული თანამშრომელი იყო და ყოველთვე მგზავრობდა რუსეთში კურატორებთან საურთიერთოდ.
2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე, კირეევი უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ის მოკლეს, ამასთან, მაშინვე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სბუ-ს თანამშრომლებმა დაკავების მცდელობისას მოკლეს რუსეთის აგენტი. მაგრამ მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კირეევი გურ-ის თანამშრომელი იყო.
The Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კირილ ბუდანოვი მოჰყვა, რომ 2021 წლის გაზაფხულზე პირადად მიმართა კირეევს თხოვნით, რუსეთის სამხედრო დაზვერვაში ჩანერგვას ცდილიყო საკუთარი კონტაქტების დახმარებით. კირეევი დათანხმდა ამ წინადადებას და, გამოცემის თანახმად, სამხედრო დაზვერვის კიდევ ერთ თანამშრომელთან ერთად დაიწყო ხარკოვის ოლქში სიარული. ის იქიდან მანქანით კვეთდა ხოლმე რუსეთის საზღვარს, რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდებოდა და შეგროვებულ ინფორმაციას ბუდანოვს აწვდიდა.