Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის საქმე - უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინეს 


ვახტანგ ჩარკვიანი, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი
ვახტანგ ჩარკვიანი, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის, საქმეზე საქართველოს პროკურატურამ უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა აცხადებს, რომ კლინიკის უფროს ექთანს ბრალი ედება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, „2021 წლის 11 აგვისტოს პაციენტი ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი სამედიცინო ისტორია გაიხსნა.

პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმების და ექთნების მიერ, ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი - „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები.

2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა".

უფროს ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება). პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად.

20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანა.

შვილის გარდაცვალებიდან მალევე გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურატურას მიმართა და ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარალელურად, საქმის მოკვლევის განცხადებით მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც.

მალე გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, გაიოზ ჩარკვიანს კი დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. გაიოზ ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მისი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG